უცხოეთი

„ზელენსკი სააკაშვილის დაკავებით შეშფოთებულია“ - უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი

ვლადიმირ ზელენსკი
1633111238
დაკოპირებულია

უკრაინა ქართულ მხარისგან უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განმარტებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ცნობებს. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია ამგვარი ამბებით და საქართველოში გაკეთებული განცხადებების ტონით სიტუაციის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით.

უკრაინა ქართულ მხარეს სთხოვს განმარტებას უკრაინის მოქალაქისადმი ასეთი ნაბიჯის გადადგმის ყველა გარემოებისა და მიზეზის შესახებ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი სერგეი ნიკიფოროვი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.

ინფორმაციისთვის, 1-ელ ოქტომბერს დილას, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადასტურებდნენ, თუმცა, შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდნენ.

დაახლოებით, 20:00 საათზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ იქიდანვე, როცა მან დატოვა უკრაინა და შემოვიდა საქართველოში, ხოლო დაკავებისთვის შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.

ექსპრეზიდენტი რუსთავის ციხეშია.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინაში საქართველოს ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.