პოლიტიკა

გენერალი ჰოჯესი: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ალიანსს ბევრი მიმართულებით შეუწყობს ხელს

ამერიკელი  გენერალი ბენ ჰოჯესი
1608386936
დაკოპირებულია

 ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ კრემლს არ უნდა, რომ საქართველოში ევროპული ინვესტიციები შევიდეს, რადგან ამის შემდეგ ევროპა უფრო მეტად დაინტერესდება იმით თუ რატომ აგრძელებს რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. 

როგორც „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში გენერალმა ჰოჯესმა აღნიშნა, საქართველო შავი ზღვის მნიშვნელობიდან გამომდინარე ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე საყრდენი შეიძლება იყოს.

ამასთან, ჰოჯესი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება ალიანსს ბევრი მიმართულებით შეუწყობს ხელს.

„ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა ისაუბრა იმაზე, რომ ნატო რეგიონული ორგანიზაციაა, რომელსაც გლობალური მიდგომა უნდა ჰქონდეს. როცა რუკაზე საქართველოს და სამხრეთ კავკასიას უყურებ, ხედავ, რომ ის ნამდვილად წარმოადგენს კარიბჭეს ევროპასა და ევრაზიას შორის.

ის ასევე ერთადერთი დერეფანია აზიიდან ევროპისკენ, რომელიც რუსეთზე ან ირანზე არ გადის. ასევე სავაჭრო მაგისტრალები, ტელეკომუნიკაციების ქსელი და საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა რუსეთის და ირანის გვერდით ავლით პოტენციურად შეიძლება სამხრეთ კავკასიაზე გავიდეს.

ჩინეთი თავის მხრივ ცდილობს ევროპაში და მის გარშემო ინფრასტრუქტურის დიდი მონაკვეთები აკონტროლოს. ეს ჩვენთვის სუსტ წერტილებს ქმნის. ამის გამო კონკურენციაში ამ მიმართულებითაც უნდა ჩავებათ.

ჩემი აზრით საქართველო სწორედ შავი ზღვის მნიშვნელობიდან გამომდინარე ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე შეიძლება ჩვენი საყრდენი იყოს. ღიად რომ ვისაუბროთ უკრაინის, ბულგარეთის და რუმინეთის ეკონომიკური განვითარება მეტად დაჩქარდებოდა, საქართველო ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური დერეფანი რეალურად რომ გახდეს. ცხადია, ეს რუსეთს ყველაზე ნაკლებად სურს. კრემლს არ უნდა, რომ საქართველოში ევროპული ინვესტიციები შევიდეს, რადგან ამის შემდეგ ევროპა უფრო მეტად დაინტერესდება იმით თუ რატომ აგრძელებს რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. ჩემი აზრით საქართველოს ნატოში გაწევრიანება ალიანსს ბევრი მიმართულებით შეუწყობს ხელს“, - აცხადებს ბენ ჰოჯესი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 👇

გენერალი ჰოჯესი: საქართველო ნატოში ახლავე უნდა მიიწვიონ

იენს სტოლტენბერგი: ნატო უფრო გლობალური უნდა გახდეს და საქართველოსთან თანამშრომლობა ამის ნაწილი იქნება