მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2008 წლის ომი თურმე არაფერი ყოფილა, ჩვენი გმირი ბიჭები ტყუილად დახოცილან, რისთვის იბრძოდნენ?! - კალაძე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე

თბილისის მერი კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ისტორიაში პირველად, უკრაინა, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის გამო, რუსეთის თავდასხმის ქვეშაა“.

მისი შეფასებით, ასეთი განცხადება აღმაშფოთებელია, მაშინ, როდესაც იმავე მიზეზით საქართველოში იყო 2008 წლის აგვისტოს ომი.

„ყველაზე ცუდი და აღმაშფოთებელია ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში ის, რომ თურმე, ისტორიაში პირველად, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის გამო, რუსეთმა უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო. 2008 წელი თურმე არაფერი ყოფილა. ჩვენი გმირი ბიჭები ტყუილად დახოცილან, რისთვის იბრძოდნენ?!“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ასეთი განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია.

„ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენი თავის, ქვეყნის ფასი უნდა ვიცოდეთ. ის გზა, რომელიც ჩვენმა ხალხმა აირჩია, არაერთხელ გაგვიჟღერებია - ეს არის ევროპული მომავალი. მაგრამ, ამ რთულ გზაზე, ასეთი განცხადებების მოსმენა დიდ ბრაზს იწვევს პირადად ჩემში, ადამიანში, რომელიც ამ ქვეყანაში დაიბადა, გაიზარდა და ეამაყება, რომ არის ქართველი“, - განაცხადა კახა კალაძემ.