
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზე საუბრობს. მისი თქმით, ახლა საქართველომ იცის, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ევროპული მომავალი ააშენოს.
„საქართველო უდავოდ ადგას ევროკავშირის გზას. დიახ, არსებობს პირობები. ეს არის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი და ჩვენ ის არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ, პირიქით. ეს, ასევე, არის ნიშანი აღიარებისა და მკაფიო მხარდაჭერისა.
ამჟამად ევროპული გზა საქართველოსთვის სრულყოფილად არის განსაზღვრული. იცით, რა, როგორ და როდის უნდა გაკეთდეს. მზად ვართ, ერთად ვიშრომოთ საქართველოს საზოგადოების მხარდასაჭერად, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა ევროპული მომავლის ასაშენებლად“, - განაცხადა ბორელმა.
ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა.
„ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.