მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამ საკითხზე აშშ-ის საელჩოს პოზიცია გვაინტერესებს - გურამ მაჭარაშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე

პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი

„მაშინ, როდესაც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და მის საქმიანობაში ჩაურევლობაზე ვსაუბრობთ, ყოვლად დაუშვებელია ის, რაც ვიხილეთ,“ - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი „მთავარი არხის“ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად ჩხიკვაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მან „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელს შეხვდა, რომელმაც საუბრისას გამოჰკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და უთხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მიიღო მან გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.  

მაჭარაშვილის თქმით, მოსამართლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე აშშ-ს საელჩოს პოზიცია საინტერესოა.

„რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიცია გვაინტერესებს. ჩვენ ბევრი რეფორმა განვახორციელეთ, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, მაგრამ რაც მოვისმინეთ, დაუშვებელია, რადგან მოსამართლის განცხადებაში მითითებული ფაქტი, რომ აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელმა მას კონკრეტულ საქმეზე ანგარიში მოსთხოვოს, ეს მართლმსაჯულების საქმიანობაში ჩარევაა.

ასევე მოვისმინეთ ევროპარლამენტარ გალერის სააპელაციო სასამართლოს მიმართ მოწოდება, რომ ნიკა გვარამია გაამართლოს. საინტერესოა, თავისი ქვეყნის სასამართლოს თუ მიმართავს და ეტყვის, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. შესაბამისად, ყველამ ნება უნდა იბოძოს და პატივი სცეს იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რასაც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა ჰქვია", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „მთავარი“ არხის დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო განხილვის შედეგის გამო ზოგიერთი პოლიტიკური ძალა სანქციებით ემუქრება.

ჩხიკვაძე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისაგან და მოსამართლეებს მიეცეთ საშუალება გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე.