მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამ წუთისთვის მიხეილ სააკაშვილის გარკვეული პირადი და ჰიგიენის ნივთები სჭირდება“ - ნინო ლომჯარია

ომბუდსმენი ნინო ლომჯარია

„ამ წუთისთვის პრობლემაა, რომ მიხეილ სააკაშვილს გარკვეული პირადი და ჰიგიენის ნივთები სჭირდება, სასეირნო სივრცის საჭიროებაც დადგება“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გორის ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ნინო ლომჯარიას თქმით, გარკვეული საკითხები, რისი შენიშვნაც სახალხო დამცველის აპარატმა გასცა, გამოსწორებულია. 

ლომჯარია ამბობს, რომ ახლა მესამე პრეზიდენტის სამედიცინო შემოწმებას ბადრაგი არ ესწრება. 

ამასთან, სახალხო დამცველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შესვლის პროცესი გართულებულია. 

„ძალიან გართულებულია შესვლა. დაახლოებით მინიმუმ 2 საათი დაგვჭირდა იმისთვის, რომ შესასვლელიდან პაციენტამდე მიგვეღწია. ეს განპირობებულია იმით, რომ რეალურად შიგნით გაურკვევლობაა, კომუნიკაცია გართულებულია. კომუნიკაცია არის ჯანდაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და პენიტენციურ უწყებას შორის, რეალურად ერთმანეთთან რეკავენ, რეკავენ სადღაც ჩემთვის გაურკვეველია სად, ასევე, არკვევენ რაღაცებს რაც ჩემთვის გაურკვეველია. 

საბოლოო ჯამში შევედი, იმ ექიმებმა, რომლებმაც ის პირველად გასინჯეს, საშუალება მიეცათ, რომ კიდევ ერთხელ გაესინჯათ, დანარჩენებმა ნახეს სამედიცინო ისტორია. გარკვეული საკითხები, რაზედაც ჩვენ შენიშვნა მივეცით წინა ვიზიტის დროს, გამოსწორებულია. მაგალითად, ბადრაგი აღარ ესწრება სააკაშვილის გასინჯვას. 

პრობლემა ამ წუთს არის ის, რომ გარკვეული პირადი და ჰიგიენის ნივთები სჭირდება. ასევე, სასეირნო სივრცის საჭიროება დადგება, როდესაც მას ფიზიკურად შეეძლება ამის გაკეთება. რაც შეეხება ფანჯარას, ეს საკითხი მოგვარებულია“, - აცხადებს ნინო ლომჯარია. 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. 

ამავე თემაზე: 

🔴 „ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე“ - ლომჯარია

🔴 სააკაშვილი საქართველოს „ჩაუდეს“ და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება - დიმიტრი ტარანი