მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე ომში ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას - კელი დეგნანი ივანიშვილთან შეხვედრაზე

აშშ-ის ელჩი

„მოდით ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ აღარავის დარჩეს შეკითხვები - არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბატონ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. ამ საკითხებზე მას ან იმ კონკრეტულ ბანკებს უნდა მიმართოთ,“- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, სადაც ის ყოფილ პრემიერთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე საუბრობს.

ელჩის თქმით, მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევაზე საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერის საკითხებზე. 

„როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი, რის შემდეგაც საკმაო დრო გავიდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერას. მოდით ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ აღარავის დარჩეს შეკითხვები - არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბ-ნ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. ამ საკითხებზე მას ან იმ კონკრეტულ ბანკებს უნდა მიმართოთ.

როდესაც შეერთებული შტატები ფინანსურ სანქციებს აწესებს, ჩვენ მათ საჯაროდ ვაცხადებთ. სახაზინო დეპარტამენტის ვებსაიტზე არის საძიებო სია, სადაც ბანკებს, მედიას და ფართო საზოგადოებას შეუძლიათ შეამოწმონ, ვინ ექვემდებარება და არ ექვემდებარება ფინანსურ სანქციებს. შვეიცარიის საბანკო ანგარიშების ნებისმიერი განხილვა, გულწრფელად, არის ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი სამუშაოდან. როგორც ბ-ნმა ივანიშვილმა 27 ივლისის განცხადებაში აღნიშნა, ეს არის კერძო საქმე მასსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის“, - განაცხადა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა თავის წერილში აღნიშნა, რომ მასსა და ელჩს შორის შეხვედრა 21 მარტს შედგა.

ამავე თემაზე: 

„ამერიკის ელჩთან შეხვედრა 21 მარტს ნამდვილად შედგა“ - ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

⭕ „გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს საკითხი დღესაც აქტუალურია“ - ბიძინა ივანიშვილი