მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: ისეთი ადამიანებისგან მოვისმინე კალაძის კრიტიკა, რომელთაც ობიექტურობაზე აქვთ პრეტენზია, სინამდვილეში კი ხელი შეუწყვეს მერზე შეტევას 

პარლამენტის თავმჯდომარე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თბილისის მერის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს ეხმაურება, რომელიც 15 დეკემბერს სამგორის რაიონის „აფრიკის“ დასახლებაში უკანონო შენობების დემონტაჟს მოჰყვა.

თალაკვაძის თქმით, კახა კალაძე ათასობით გაჭირვებულ ადამიანს ეხმარება. მისივე თქმით, თბილისის მერმა ისეთი პროექტები აღადგინა, რომლებიც წლების განმავლობაში მიტოვებული იყო და ბინის მესაკუთრეები უიმედოდ იყვნენ დარჩენილები:

„ისეთი ადამიანებისგან მოვისმინე თბილისის მერის კახა კალაძის კრიტიკა, რომელთაც ჩვენს საზოგადოებაში ობიექტურობის, კანონის უზენაესობის და სამართლიანობის ვერდიქტზე აქვთ პრეტენზია, სინამდვილეში კი რადიკალურად განწყობილ, პარტიულ პროდიუსერებთან ერთად, დიდი მონდომებით შეუწყვეს ხელი დეზინფორმაციის გავრცელებას და მერზე შეტევას მაშინ, როცა მშვენივრად იცოდნენ კახა კალაძის მიერ აღდგენილ პროექტებზე („ოლიმპიური ვარსკვლავი” 500 ოჯახი; „სვეტი” 2500 ოჯახი), რომელიც წლების განმავლობაში მიტოვებული, ხოლო მესაკუთრეები ბინების გარეშე უიმედოდ იყვნენ დარჩენილი.

მშვენივრად იცოდნენ თბილისის მერის საქველმოქმედო ფონდის შესახებ, რომლითაც ათასობით სწორედ ისეთ შეჭირვებულ ადამიანს ეხმარება, ვის სურათსაც გუშინ, არგუმენტად იშველიებდნენ. მშვენივრად იცოდნენ, რომ ქალაქის ქაოტური და თვითნებური განაშენიანება საბოლოოდ დაასამარებს თბილისის პერსპექტივას და ისიც მშვენივრად იცოდნენ, რომ ათასობით ოჯახს, ბინები და სახლები, რომელიც წლების განმავლობაში სადავო იყო, სამართლიანად სწორედ კახა კალაძემ გაუფორმა საკუთრებაში“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის:

⚪ 15 დეკემბერს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული.

⚪ მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.

⚪ მოგვიანებით, სოციალურ ქსელში გავრცელდა მამა-შვილის ფოტო, რომელიც განხილვის საგნად იქცა და ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან სხვადასხვა კომენტარი მოჰყვა.

⚪ 15 დეკემბერსვე, გვიან ღამით, კახა კალაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად მან „აფრიკის“ დასახლებაში მცხოვრებ მამა-შვილს ბინა გადასცა.

აგრეთვე, წაიკითხეთ:

👉 „გმირობაა, მარტო კაცი ზრდის 6 შვილს, ამ ოჯახს ბინა ექნება“

👉 თბილისში 32 ოჯახს საცხოვრებელი ფართი 1 ლარად დაუკანონდება