მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აშშ სააკაშვილის მდგომარეობას ყურადღებით აკვირდება“ - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი

„ბევრი ქართველი ვიცი, რომელიც სააკაშვილის სიტუაციაზეა ორიენტირებული. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ აშშ, ვაშინგტონში და ჩვენც საელჩოში მისი ჯანმრთელობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დიპლომატის უფლებამოსილებაში არ შედის მთავრობისთვის იმის კარნახი, თუ როგორ უნდა მოიქცეს. ახლა მთავარია არჩევნები ნორმალურ გარემოში ჩატარდეს და ამომრჩეველს კანდიდატების მოსმენის საშუალება მიეცეთ.

„ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია პარტიების ამომრჩეველთან ურთიერთობაზეც ვიყოთ ფოკუსირებული, პროგრამების, იდეების და პლატფორმების გაცნობაზე მოხდეს ყურადღების გადატანა. აუცილებელია მომდევნო რამდენიმე კვირა იყოს მშვიდი, რათა არჩევნები ნორმალურ გარემოში ჩატარდეს.

ამასთანავე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ყურადღებით ვაკვირდებით. არ ვარ დარწმუნებული, რომ როდისმე გავბედავ იმის თქმას, თუ რას ნიშნავს ნორმალური პოლიტიკა საქართველოში. ჩემი მხრიდან მართებული არ იქნება იმის თქმა, თუ რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, თუმცა ვიტყვი, რომ ამომრჩევლებს კანდიდატების მოსმენის საშუალება უნდა მიეცეთ, რათა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

10 ოქტომბრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „არ მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ“ - ბესელია

🔴 ეს არის ფარსი, მიშა და შენდა სამწუხაროდ, ფარსია შენი ბუნებრივი მდგომარეობა - გიორგი გამსახურდია მიხეილ სააკაშვილს

🔴 „მიშა სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი და არის იქ, სადაც უნდა იყოს“ - გახარია

🔴 „გადაიყვანენ საავადმყოფოში და ამით დამთავრდება ყველაფერი“ - საყვარელიძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე