პოლიტიკა

ბავშვობაში ბალერინობაზე ვოცნებობდი, სასწავლებელში თქვეს, პერსპექტიული გოგონააო, შემდეგ გადაწყვიტეს, ჩემგან ბალერინა ვერ დადგებოდა, უკრაინასა და მოლდოვას გუშინ უთხრეს, რომ მათგან ბალერინა გამოვა - სალომე სამადაშვილი

დეპუტატი სალომე სამადაშვილი
1656052404
დაკოპირებულია

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ევრო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, „ივანიშვილს და რუსეთს არ მოვაპარინებთ ჩვენი მრავალი თაობის ოცნებას“.

„მარტივად და გასაგებად ავხსნი, რა განსხვავებაა უკრაინის და მოლდოვის „კანდიდატობას“ და ჩვენს „პერსპექტივას“ შორის.

ბავშვობაში ბალერინობაზე ვოცნებობდი-ქორეოგრაფიულ სასწავლებელში შემხედეს და „პერსპექტიული გოგონააო“ თქვეს. მიმიღეს მოსამზადებელ კურსზე - დაგაკვირდებით, წლის ბოლოს გამოცდას ჩააბარებ და მერე გეტყვით, გამოვა შენგან ბალერინა თუ ვერო. ერთი წლის შემდეგ კი, გადაწყვიტეს, რომ ჩემგან ბალერინა ვერ დადგებოდა.

ასე დასრულდა ჩემი ბავშვობის ოცნება.

უკრაინას და მოლდოვას გუშინ უკვე უთხრეს, რომ მათგან „ბალერინა გამოვა“. პირობების შესრულების შემდეგ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

ჩვენ გვითხრეს, რომ „პერსპექტივა“ გვაქვს. 6 თვეში თუ ვაჩვენებთ, რომ ივანიშვილის პრივატიზირებული არაა ჩვენი სახელმწიფო, შესაძლოა, გადაწყვიტონ, რომ ჩვენც შეიძლება გავხდეთ ევროკავშირის წევრი. გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს ჩვენთან არ იწყებენ.

ივანიშვილს და რუსეთს არ მოვაპარინებთ ჩვენი მრავალი თაობის ოცნებას.

P.S. ვისაც რუსეთის და ოცნების პროპაგანდის სჯერა, რომ ომში ჩართვას ითხოვდა ვინმე - მოლდოვაში არაა ომი, ნუ გამოაშტერებინებთ თავს ცრუპენტელების მთავრობას“, - წერს სამადაშვილი.

ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. 

„ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.