მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიძინა ივანიშვილი: პოლიტიკაში შემოსვლა, ალბათ, მართლაც ყველაზე ფასეულია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია

ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი Pia.ge

„არასდროს განვიხილავდი საკუთარ თავს, ტიპიურ პოლიტიკოსად, კლასიკური გაგებით. ყველაფერი, რაც თან სდევს პოლიტიკას, განსაკუთრებით, წარმატებულს - ძალაუფლება, საჯაროობა და ასე შემდეგ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მხოლოდ დისკომფორტის მიქმნიდა და გულახდილად გეტყვით, ერთი სული მქონდა, როდის დასრულდებოდა ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში ეს ეტაპი“- ასე პასუხობს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჟურნალ entrepreneur-ის კითხვას, რომელიც ვადაზე ადრე ხელისუფლებიდან ნებაყოფლობითი წასვლის უპრეცედენტო გადაწყვეტილებას ეხება და რომელიც, ჟურნალისტის თქმით, უნიკალურია იმითაც, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე მეორედ, ნებაყოფლობით თმობს ძალაუფლებას მაშინ, როდესაც დემოკრატიული, ანუ სახალხო ლეგიტიმაციის პიკშია, „ქართული ოცნების“ ლიდერი პასუხობს, რომ პოლიტიკაში მის მონაწილეობას  კონკრეტული მიზნები და ამოცანები ჰქონდა, რომელთა შესრულების შემდეგ პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა.

„პოლიტიკაში ჩემს მონაწილეობას ჰქონდა კონკრეტული მიზნები და ამოცანები, რომელთა შესახებ ჩემს განცხადებაში ვრცლად უკვე ვისაუბრე და რომელთა შესრულების შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, სამუდამოდ ჩამოვშორდე პოლიტიკას. მე არასდროს განვიხილავდი საკუთარ თავს, ასე ვთქვათ, ტიპიურ პოლიტიკოსად, კლასიკური გაგებით. ყველაფერი, რაც თან სდევს პოლიტიკას, განსაკუთრებით, წარმატებულს - ძალაუფლება, საჯაროობა და ასე შემდეგ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მხოლოდ დისკომფორტის მიქმნიდა და გულახდილად გეტყვით, ერთი სული მქონდა, როდის დასრულდებოდა ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში ეს ეტაპი“ - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

მისივე თქმით, თავს ვალდებულად თვლიდა, ვალი მოეხადა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რაც პოლიტიკაში უშუალო მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იყო.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არანაირად არ მსურს, დავაკნინო პოლიტიკოსის პროფესია. მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული, საპასუხისმგებლო და საპატიო საქმიანობის სფეროა. ამ წლების განმავლობაში ბევრ პოლიტიკოსთან მომიწია ურთიერთობა, როგორც ჩვენს გუნდში, ისე საერთაშორისო მასშტაბით და მათ აბსოლუტურ უმრავლესობაზე უაღრესად დადებითი აზრის ვარ. ნებისმიერ, მათ შორის, პოლიტიკოსის პროფესიას, თავისი, თუ შეიძლება ითქვას, ბუნებრივი დიალექტიკა აქვს და სამოტივაციო ნაწილი ახლავს - თვითრეალიზაციის შესაძლებლობა და ჯანსაღი ამბიცია, სწორი მიმართულებით ატაროს ქვეყანა, კარიერული წინსვლის პერსპექტივა, ნორმალური ანაზღაურება, ბოლოსდაბოლოს. ეს სრულიად ნორმალური სამოტივაციო ნაწილია ნებისმიერ პროფესიაში და პოლიტიკა ვერ იქნება და არც უნდა იყოს გამონაკლისი. სხვა შემთხვევაში, პოლიტიკოსი ვერ იქნება წარმატებული. მაჩანჩალა კი, არც საკუთარ თავს გამოადგება და არც ქვეყანას. უბრალოდ, მე სხვა ვითარება და სხვა სასტარტო პოზიციები, სხვა მოტივაცია მქონდა პოლიტიკაში შემოსვლის დროს და ყველაფერი ზემოთ ნახსენები ჩემი ინტერესის სფეროს ბუნებრივად არ წარმოადგენდა. ვალდებულად ვთვლიდი თავს, მომეხადა ვალი ქვეყნის და ხალხის წინაშე, რაც პოლიტიკაში ჩემი უშუალო მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იყო. ამიტომ განვაცხადე წინასწარ, რომ ეს დროებითი მოვლენაა და პოლიტიკაში დარჩენას ხანგრძლივად არ ვაპირებდი. როგორც კი მისია შესრულებულად ჩავთვალე, საბოლოოდ გავეცალე პოლიტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ შემობრუნება მომიწია, რაც ასევე, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით იყო ნაკარნახევი. თავს უფლებას ვერ მივცემდი, ბოლომდე არ მიმეყვანა საქმე და მშვიდად გამეგრძელებინა კერძო ცხოვრება. ეს ყველაფერი დეტალურად მაქვს ახსნილი ახლახან გამოქვეყნებულ წერილში და თქვენი მკითხველი რომ არ გადავღალოთ, დღეს ამით შემოვიფარგლები“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ივანიშვილმა 11 იანვარს განაცხადა.