
„ჩადენილ დანაშაულებზე მიდის მსჯელობა და არა ურეიტინგო „ფორმულას“ დახურვა-არდახურვის საკითხზე“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კრიტიკული მედიის არსებობას საქართველოში არავინ ზღუდავს.
„კონკრეტული დანაშაულებია ჩადენილი და ამ დანაშაულებზე მიდის მსჯელობა და არა ურეიტინგო „ფორმულას“ დახურვა-არდახურვის საკითხზე. „ფორმულა“ იქნება თუ ნებისმიერი სხვა მედიასაშუალება, არანაირად არ არის კავშირში დანაშაულთან, რომელსაც ჩადიან მათი მფლობელები. არანაირ დისკომფორტს „ფორმულა“ არ ქმნის. კრიტიკული მედიის არსებობა ჩვეულებრივი, დასაშვები ამბავია, რაც არ იყო დაშვებული კეზერაშვილის მთავრობის პერიოდში“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.
ცნობისთვის, ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ კეზერაშვილის საქმის განხილვა, „ფორმულას“, როგორც კრიტიკული მედიის ჩახშობის მცდელობაა ხელისუფლების მხრიდან.
2022 წლის 29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი. დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავება.
შეგახსენებთ, „ფორმულას“ დამფუძნებლის საქმეზე შემდეგი სხდომა 16 თებერვალს გაიმართება.
აგრეთვე წაიკითხეთ:
✔️ კასიანოვის განცხადება სამარცხვინო და სპეკულაციურია - ირაკლი კობახიძე
✔️ „საგაზაფხულო შეტევა“ - რა იქნება პუტინისა და ზელენსკის შემდეგი ნაბიჯი?