პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე კორონავირუსზე: უპასუხისმგებლობამ შესაძლოა გამოუსწორებელ შედეგამდე მიგვიყვანოს

ქართული ოცნების მაჟორიტარი, 2020
1584341727
დაკოპირებულია

"ეპიდვითარება მსოფლიოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიად არის შეფასებული და ქვეყნების მხრიდან შესაბამის რეაგირებას მოითხოვს. საქართველო კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითს აჩვენებს და ამ ეტაპზე შედეგიც შესაბამისია, თუმცა ვითარება სიმშვიდისა და თვითკმაყოფილების საშუალებას მაინც არ იძლევა",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

"პრემიერის ხელმძღვანელობით პრაქტიკულად ყოველდღე და ზოგჯერ დღეში რამდენიმეჯერ იმართება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც გარდა საერთო რეკომენდაციებისა, მუშავდება დამატებითი რეგულაციები, შეზღუდვები და მონიტორინგის მეთოდები. იხილება მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარი. გარდა შეზღუდვებისა აქტიურად მიმდინარეობს ჰოსპიტალური სექტორის მომზადება და გაფართოვება, რომ პაციენტებმა, საჭიროების შემთხვევაში მიიღონ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურეობა.

ვირუსი ზიანს აყენებს არამხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ ეკონომიკასაც.ამიტომ, შესაბამისი ღონისძიებები ტარდება ამ მიმართულებითაც. დაწესდა საგადასახადო შეღავათები და გადავადდა სასესხო ვალდებულებები. ტვირთბრუნვა ქვეყანაში არ შეჩერებულა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასაც, რის გარეშეც სასურველ შედეგზე გასვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. სამწუხაროდ, გვაქვს მოქალაქეების მხრიდან დაუმორჩილებლობის და ხშირად უსაფუძვლო უკმაყოფილების ფაქტებიც. არადა უპასუხისმგებლობამ შესაძლოა გამოუსწორებელ შედეგამდე მიგვიყვანოს",- განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 167 293 ადამიანს შეადგენს, დაღუპულია 6 455, ხოლო 76 588 პაციენტი გამოჯანმრთლდა.

საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.