
პარტია „გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ის აპირებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს, თუ თავად სააკაშვილიც თანახმა იქნება და მისგან მოისმინოს, თუ რა უნდა „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან თავად პარტიის წევრებისგან ეს ვერ გაიგო.
„ნაციონალურ მოძრაობას“ გავაცანით პოზიცია, რომ მათ ღიად უნდა მოეთხოვათ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და სანაცვლოდ, არ შეეშალათ ხელი ევროინტეგრაციის პროცესისთვის. „ნაცმოძრაობის“ წევრები ამას აღფრთოვანებით არ შეხვედრიან და ეჭვი მაქვს, რომ მიშას პატიმრობა არ არის „ნაცმოძრაობისთვის“ მთავარი. უნდათ ისრების გადატანა სადღაც სხვა საკითხებზე, მაგალითად, რომ ჩვენ „ქოცებთან“ ვართ შეკრული, მაშინ, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ პროცესის ფარგლებში უნდა გადავიდეს საზღვარგარეთ სამკურნალოდ. „ნაცმოძრაობის“ ყველა წევრი თანაბრად მონდომებული არ არის იმით, რომ მიხეილ სააკაშვილმაც ამ სიტუაციით ისარგებლოს და არც ქვეყანა შევიდეს ჩიხში. აქედან გამომდინარე, ჩვენთან ბრძოლაა. ჩვენ ვაპირებთ, შევხვდეთ მიხეილ სააკაშვილს. მისი თანაგუნდელებისგან რაიმეს გაგების, მათ შორის მიშას თავისუფლებაზე, საუბრის პერსპექტივას ასე პასუხობენ, როგორც დღეს ოქრიაშვილმა გვიპასუხა. შესაბამისად, ვაპირებთ მთავარ გადაწყვეტილების მიმღებ პირს, მიხეილ სააკაშვილს ციხეში შევხვდეთ და ვუთხრათ მას, თანახმაა თუ არა იმ შეთავაზებაზე, რომელიც ჩვენ გვექნება პოლიტიკურ სპექტრზე. რაც შეიძლება მალე უნდა შევხვდეთ. მალევე მივმართავთ შალვა პაპუაშვილს, რომ დაგვრთოს ნება და წინააღმდეგი თუ არ იქნება მიხეილ სააკაშვილი ჩემი ციხეში ხილვის, მზად ვარ, მივიდე და დაველაპარაკო მას. უნდა გავიგოთ, მიხეილ სააკაშვილს რა უნდა, რადგანაც „ნაცმოძრაობიდან“ ვერ გავიგეთ, მათ რა უნდათ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „კახა ოქრიაშვილი იმდენად ბრიყვია, რომ იმასაც კი ვერ ხვდება, რას ლაპარაკობს“ - ვახტანგ მეგრელიშვილი