
"იმედია, ზაფხულის დადგომასთან ერთად კორონავირუსის პრობლემა აღარ იარსებებს და ტურისტული ინდუსტრიის აღმასვლა ჩვეულ ტრაექტორიას დაუბრუნდება", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მინისტრი და უწყების სხვა წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში ტურიზმის წარმომადგენლებს შეხვდებიან და კორონავირუსის გამო შექმნილ პრობლემებს მოისმენენ.
"დიდი ალბათობით ხვალ დავაორგანიზებთ ამ შეხვედრას. აუცილებლად შევხდებით სასტუმროების და არა მხოლოდ მათ, არამედ ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებს, რადგან ეს არის კომპლექსური პრობლემა და ჩვენ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. მოვისმინოთ რა პრობლემის წინაშე დგას ინდუსტრია, რომელიც ასოცირებულია კორონავირუსთან, როგორც ახალ გამოწვევასთან. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ დღემდე, განსაკუთრებით 2019 წლის ივნისის მოვლენების შემდეგ იმისთვის, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია უფრო მეტად დაცული და დივერსიფიცირებული იყოს და გარე შოკები მასზე ნაკლებად ზემოქმედებდეს. თუმცა, ისეთ გამოწვევასთან გვაქვს საქმე, რომ ყველამ ერთად ვიმსჯელოთ და მთავარი ამოცანა, რაც ჩვენ წინაშე დგას, ამ ეტაპზე ძალიან სიღრმისეულად გავერკვეთ რა პრობლემები უდგას სექტორს, გავაკეთოთ მეტნაკლებად ზუსტი ანალიზი და პროგნოზი იმისა, თუ რა შეიძლება კიდევ განვითარდეს. რასაკვირველია ბევრი რამეა დამოკიდებული ამ დაავადების შემდგომ დინამიკაზე. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უკვე ზაფხულის დადგომასთან ერთად ეს პრობლემა თანდათან აღარ იარსებებს და ჩვენი განვითარება და ტურისტული ინდუსტრიის აღმასვლა დაუბრუნდება ჩვეულ ტრაექტორია", - განაცხადა ნათია თურნავამ.