პოლიტიკა

„ეს არ არის ბოლომდე დემოკრატიული სიტუაცია, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია“ - ევროპარლამენტარი

 რასა იუკნევიჩიენე
1634117954
დაკოპირებულია

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისი საპატიმროში ყოფნა არადემოკრატიული პროცესის მაჩვენებელია - ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, თუ არსებობს რაიმე ბრალდებები, ან კრიმინალური დარღვევები, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა ჩაიდინა, მაშინ ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა კონკრეტული პირების.

„ნათელია, რომ ეს არ არის ბოლომდე დემოკრატიული სიტუაცია, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია. ასეთი ტიპის ბრალდებებიც, რაც სააკაშვილს აქვს წაყენებული, ხშირად არ გვესმის ხოლმე. ალბათ, ნებისმიერი პრეზიდენტის „დადანაშაულება“ შეიძლება იმაში, რომ სტუმრებისთვის ლანჩისა და სადილისთვის გარკვეული თანხა დახარჯა. როგორც ვხვდები, ბრალდებამ ესეც დაითვალა.

რა თქმა უნდა, სხვაგანაც ხდება, წინა მთავრობის წარმომადგენლებისთვის ბრალის წაყენება. მაგრამ მეორეს მხრივ, საქართველოში რევანშიზმის და ყოფილი მეტოქეებისადმი ასეთი ბრალდებების წაყენების ტრადიციაა და ეს ძალიან ცუდ მესიჯს აგზავნის ევროპაში. სააკაშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა ქვეყნის რეფორმირებისთვის. იმის მოსმენა, რომ ვარდების რევოლუცია ცუდი ყოფილა, ჩემთვის ნამდვილად შოკი იყო. გავოცდი, როდესაც მოვისმინე, რომ ქვეყნის დემოკრატიზაცია, არასწორი ნაბიჯი, ან რამე მსგავსი იყო“, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.

ევროპარლამენტარის თქმით, ის არ არის კმაყოფილი სააკაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. მისი აზრით, მესამე პრეზიდენტს სხვანაირად მოქცევაც შეეძლო.

„კმაყოფილი არ ვიყავი სააკაშვილის გადაწყვეტილებით, მაგრამ ესაა ის მოცემულობა რაც გვაქვს. თუ არსებობს რაიმე ბრალდებები, ან კრიმინალური დარღვევები, რაც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, მაშინ ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა კონკრეტული პირების.

ასე რომ ეს პრობლემური საკითხია და კითხვას აჩენს ქართული სასამართლოსადმი - არის თუ არა ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე კი ფიქრიც კი წარმოუდგენელია ევროპული ოჯახის წევრობაზე“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

რაც შეეხება საქმეებს, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილი არის ბრალდებული, პროკურატურის განცხადებით, ეს არის „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტები.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა. 8 წლის შემდეგ კი, პირველ ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია და მალევე ამის დამადასტურებელი ვიდეოები გამოაქვეყნა.

პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

ამავე თემაზე:

📣 ევროპული ქვეყნების ლიდერები, რომლებიც დააპატიმრეს

📣 სააკაშვილი რევოლუციონერია და არა პოლიტიკოსი - ალესია ბაცმანი (ვიდეო)

📣673 260 ლ - კოსმეტიკური მომსახურება; 191 643 ლ - ესპანელი მზარეულის დაქირავება - ამირან სალუქვაძე ე.წ. პიჯაკების საქმეში შემავალ ხარჯებს აქვეყნებს