მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდნენ

შეხვედრა პოლიტიკურ ჯგუფებთან პარლამენტში

საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ჟულიენ კრამპსი და ამერიკის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი ევან ელიოტი საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს - „გირჩს“ და „რეფორმების ჯგუფს“ შეხვდნენ. 

შეხვედრაზე ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

„გვქონდა კითხვები ევროკავშირის პოზიციაზე, ევროინტეგრაციის პროცესზე. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. გავაცანით ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის ხედვები კონკრეტულ პრობლემებზე, ვისაუბრეთ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესზე“,- განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის  „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

„სტუმრები დაინტერესდნენ, რატომ და რა არგუმენტებით არ ვართ ჩართული ძირითად პროცესში, რატომ არსებობს პარალელური პროცესი და როგორ ვხედავთ ამ პროცესების შეერთებას, გაერთიანებას უკვე საკომიტეტო მოსმენებზე, სადაც წარდგენილი იქნება როგორც „ქართული ოცნების“ სამუშაო ჯგუფებიდან კონკრეტული  ინიციატივებით შემუშავებული  ასევე ოპოზიციის მხრიდან შემუშავებული საკანონმდებლო პროექტები.  

ჩვენი პარტნიორების ინტერესებშია, მაქსიმალურად შესრულდეს 12-ვე პუნქტი და  ქვეყანამ შეძლოს სტატუსის მიღება. ისინი ამ პროცესს დააკვირდებიან და ეცდებიან მხარი დაუჭირონ ყველას, ვინც ამ პროცესში მიიღებს მონაწილეობას“,- განაცხადა „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.

როგორც ჟულიენ კრამპსმა აღნიშნა, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში მნიშვნელოვანია  ჩართული იყოს  როგორც სახელისუფლებო გუნდი,  ასევე ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება.

„შეხვედრები გვაქვს როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და ეს შეხვედრები ეხება რეფორმების პროცესს, როგორიცაა სასამართლო რეფორმა, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული საკითხები, ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებული საკითხები.  მოვუწოდებთ, რომ ყველა  ოპოზიციური პარტია ისევე,  როგორც  სამოქალაქო საზოგადოება, იყოს აქტიურად ჩართული ამ პროცესებში. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, ჩვენ ვეყრდნობით  ასოცირების დღის წესრიგს,  რომელიც  შეთანხმებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის და რომელშიც მთავარი პრიორიტეტებია განხილული.

ასევე მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის  რეკომენდაციები, რომლებიც სხვადასხვა თემებზეა გაცემული. ჩვენი შეთავაზებაა, კანონმდებლობა წარდგენილი იყოს  ამ ოფისებში.  ეუთო-ოდირის და ვენეციის კომისიის მხრიდან ასევე არის მხარდაჭერის გაწევის  შეთავაზება კანონმდებლობის განხილვის კუთხით.

რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია და, ასევე, ის რეკომენდაციები, რომელიც შეიმუშავა ევროკომისიამ და შემდგომ ევროპის საბჭომ მიიღო. აქედან გამომდინარე, ჩვენი დელეგაცია დააკვირდება  ამ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს,  ასევე დააკვირდება თანამშრომლობას პარლამენტში, რომელშიც იქნება ჩართული როგორც მთავრობა, ასევე, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება“, - განაცხადა ჟულიენ კრამპსმა.