მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპული ქვეყნების ლიდერები, რომლებიც დააპატიმრეს

ლიდერები

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ აქტუალური გახდა საკითხი: მომხდარა თუ არა ევროპულ და მეზობელ ქვეყნებში ყოფილი და მოქმედი ლიდერების დაკავება.

PIA.GE გთავაზობთ იმ პოლიტიკურ ლიდერთა (პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების) ვინაობას, ვინც 21-ე საუკუნეში სხვადასხვა დანაშაულისთვის დააკავეს. ზოგიერთი მათგანი დღესაც პატიმრობაში რჩება.

სილვიო ბერლუსკონი

იტალიელი პოლიტიკოსი. იტალიის პრემიერ-მინისტრი 1994-1995, 2001-2006 და 2008–2011 წლებში.

ბერლუსკონი იტალიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, ფლობს სამ იტალიური ტელეარხს, იტალიის უდიდეს საგამომცემლო სახლს. 1986 წლიდან არის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ მფლობელი და პრეზიდენტი. ჟურნალ „ფორბსის“ ინფორმაციით, 2011 წელს მისი აქტივები შეფასებულია 6 მილიარდ დოლარად.

2012 წლის 26 ოქტომბერს სილვიო ბერლუსკონი საგადასახადო თაღლითობის გამო გაასამართლეს და 4 წელი მიუსაჯეს. მან ეს პერიოდი შინა პატიმრობაში გაატარა.

რადოვან კარაჯიჩი


ყოფილი ბოსნიელი სერბი პოლიტიკოსი, ფსიქიატრი, ამჟამად დაპატიმრებულია სამხედრო დანაშაულების ბრალდებით.

განათლებით ფსიქიატრმა, კარაჯიჩმა დააარსა ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბული დემოკრატიული პარტია და ბოსნიის სერბეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი იყო 1992-1996 წლებში.

1996 წლიდან მიმალული იყო 2008 წლის ივლისამდე, საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ ყოფილ იუგოსლავიაში სამხედრო დანაშაულთა გამო მასზე ძებნის გამოცხადების შემდეგ. მიმალვაში ყოფნისას ის ბელგრადის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში მუშაობდა, როგორც ალტერნატიული მედიცინისა და ფსიქოლოგიის სპეციალისტი ექიმი დრაგან დავიდ დაბიჩის სახელით. კარაჯიჩი ბელგრადის პოლიციამ დააპატიმრა 2008 წლის 21 ივლისს.

სლობოდან მილოშევიჩი

სერბი პოლიტიკური მოღვაწე. სერბეთის პრეზიდენტი 1989-1997 წლებში და იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი 1997-2000 წლებში.

მილოშევიჩი თანამდებობიდან გადადგა 2000 წლის 24 სექტემბერს გამართული გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი სახალხო გამოსვლების შედეგად.

იგი იუგოსლავიის ხელისუფლებამ დააპატიმრა 2001 წელს და გადასცა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს. მილოშევიჩს ბრალს სდებდნენ 90-იან წლებში, იუგოსლავიაში სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, ბოსნიაში, ხორვატიასა და კოსოვოში გენოციდის განხორციელებაში, სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენაში.

სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო რამდენიმე წელი გაგრძელდა. მილოშევიჩი დაიღუპა ისე, რომ საერთაშორისო ტრიბუნალმა მისთვის განაჩენის გამოტანა ვერ მოასწრო. იგი 2006 წლის 11 მარტს ჰააგის ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა.

მილან მილუტინოვიჩი

მილან მილუტინოვიჩი სერბეთის მეორე პრეზიდენტი იყო, 1997–2002 წლებში. პრეზიდენტად არჩევამდე, ძირითადად დიპლომატიურ სამსახურში მუშაობდა.

პრეზიდენტის თანამდებობაზე მილუტინოვიჩმა საკმაოდ უსახური პოლიტიკოსის სახელი შეიძინა, რომელიც არავის საქმეებში ზედმეტად არ ერევა. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მილუტინოვიჩს ჰააგის სასამართლომ მასობრივ მკვლელობებში და დეპორტაციებში ბრალი წაუყენა. მილუტინოვიჩმა დანაშაული არ აღიარა.

2009 წელს მილუტინოვიჩი გაამართლეს, რადგანაც დადასტურდა, რომ შეიარაღებულ ძალებზე მას პირდაპირი კონტროლი არ ჰქონდა.

ეჰუდ ოლმერტი

ისრაელის მე-12 პრემიერ-მინისტრი 2006-2009 წლებში.

ოლმერტი პრემიერ-მინისტრი გახდა 2006 წლის 13 აპრილს, თუმცა, მოვალეობის შემსრულებლად ამავე წლის 4 იანვრიდან იყო მისი წინამორბედის არიელ შარონის ავადმყოფობის გამო. მანამდე ოლმერტი ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ფინანსთა, ინდუსტრიის, ვაჭრობისა და შრომის და მიწის ადმინისტრაციის მინისტრების და იერუსალიმის მერის პოსტზე მსახურობდა.

2014 წელს თელ-ავივის სასამართლომ ოლმერტს ექვსწლიანი პატიმრობა და 1 მლნ შეკელის ჯარიმა მიუსაჯა. ის კორუფციაში დამნაშავედ ცნეს. 2015 წელს ისრაელის უზენაესმა სასამართლომ სასჯელი 18 თვემდე შეამცირა.

ნიკოლა სარკოზი

ფრანგი პოლიტიკოსი, საფრანგეთის პრეზიდენტად 2007-2011 წლებში აირჩიეს. თანამდებობა დაიკავა 2007 წლის 16 მაისს, მას შემდეგ რაც არჩევნებში დაამარცხა სოციალისტური პარტიის კანდიდატი სეგოლენ რუაიალი.

პრეზიდენტობამდე იყო საფრანგეთის მემარჯვენე ცენტრისტული პარტია კავშირი სახალხო მოძრაობისთვის (UMP) ლიდერი. ჟაკ შირაკის პრეზიდენტობის დროს მას ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ჟან-პიერ რაფარენის პირველ ორ მთავრობაში (2002-2004), იყო ფინანსთა მინისტრი რაფარენის ბოლო მთავრობაში და ისევ შინაგან საქმეთა მინისტრი დომინიკ დე ვილპენის მთავრობაში (2005-2007).

სარკოზი, ასევე, იყო დეპარტამენტ ო-დე-სენის გენერალური საბჭოს პრეზიდენტი (2004-2007 წლებში) და ნიოი-სიურ-სენის მერი (1983-2002). იგი, ასევე, იყო საფრანგეთის ბიუჯეტის მინისტრი ედუარდ ბალადიურის მთავრობაში ფრანსუა მიტერანის პრეზიდენტობის ბოლო წლებში.

2021 წელს ნიკოლა სარკოზი სასამართლომ 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების უკანონობაში დამნაშავედ ცნო. სარკოზი ბრალს არ აღიარებდა, ის განაჩენის გამოცხადების დროს დარბაზში არ იმყოფებოდა.

სარკოზის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მათ შორის, 6 თვე პირობითი სასჯელის სახით. ყოფილ პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრება შეუძლია. აპელაციის განხილვამდე სარკოზის დაკავება არ მოხდება.

სარკოზი დამნაშავედ ცნეს, რომ 2012 წელს საპრეზიდენტო კამპანიისთვის 22,5 მლნ ევრო დახარჯა, რაც კანონით დადგენილ თანხას ორჯერ აღემატება. ამის მიუხედავად, სარკოზი არჩევნებში ფრანსუა ოლანდთან დამარცხდა.

პროკურატურის ინფორმაციით, სარკოზიმ იცოდა, რომ საარჩევნო კამპანიის დაფინანსება ლიმიტს აღემატებოდა და მან საკუთარი ბუღალტრების მიერ გამოგზავნილი ორი წერილი არ გაითვალისწინა. ამ ცნობის მიხედვით, საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე პასუხისმგებელი სწორედ ნიკოლა სარკოზი იყო.

საფრანგეთის ყოფილი ლიდერის მიმართ, ასევე, მიმდინარეობს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, რომ ის ლიბიის ყოფილი ლიდერისგან მუამარ კადაფისგან 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის თანხები მიიღო. სარკოზი აქტიური პოლიტიკიდან 2017 წელს წავიდა, მაგრამ მედიის ცნობით, კულისებს მიღმა პოლიტიკურ საქმიანობას განაგრძობს.

რობერტ ქოჩარიანი

სომხეთის პრეზიდენტი 1998-2008 წლებში. მოძრაობა „არწახის“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე, აგრეთვე ,მთიანი ყარაბაღის პირველი პრეზიდენტი.

ხელისუფლებაში ნიკოლ ფაშინიანის მოსვლის შემდეგ 2018 წელს, რობერტ ქოჩარიანი ორჯერ დააკავეს და ორივეჯერ გაათავისუფლეს. ერთ-ერთ ინტერვიუში პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ის მსხვერპლია ახალი ხელისუფლებისა, რომელსაც „მართლმსაჯულების სისტემა ემსახურება“.

რობერტ ქოჩარიანი, რომელიც საკონსტიტუციო წესრიგის დამხობასა და მექრთამეობაშია ბრალდებული, წინასწარი პატიმრობიდან 4 მილიონი დოლარი გირაოთი გაათავისუფლეს.

სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ გაასაჩივრებს გირაოს შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ქოჩარიანს 1998-2008 წლებში ეკავა სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობა. 2008 წელს ქოჩარიანი ემზადებოდა არჩევნებში გამარჯვებული სერჟ სარგსიანისთვის უფლებამოსილებების გადასაცემად. პრეზიდენტობის მეორე კანდიდატის, ლევონ ტერ-პეტროსიანის მომხრეებმა, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ არჩევნების შედეგებს, ერევანში საპროტესტო გამოსვლები მოაწყვეს. ხელისუფლების მიერ მრავალათასიანი გამოსვლების დარბევისას 10 ადამიანი დაიღუპა და 250-ზე მეტი დაიჭრა.

ალმაზბეკ ატამბაევი

ყირგიზეთის სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი. ყირგიზეთის სამბოს ფედერაციის საპატიო თავმჯდომარე. ქვეყნის პრეზიდენტი 2011 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2017 წლის 1-ელ დეკემბრამდე.

1995-2000 წლებში ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე. აპრილის რევოლუციის შემდეგ ქვეყნის დროებითი მთავრობის მეთაურის მოადგილეა ეკონომიკის დარგში. 2010 წლის 17 დეკემბრიდან, ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ აირჩიეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრად.

2011 წლის 30 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მოაგროვა ხმების 63%-მდე და გახდა ქვეყნის პრეზიდენტი.

ალმაზბეკ ატამბაევი 2020 წელს დააკავეს. ის ბიშკეკში მასობრივი არეულობის მოწყობაში დამნაშავედ ცნეს. სპეცოპერაცია სოფელ კოი-ტაშში, ატამბაევის რეზიდენციასთან ჩატარდა.

ატამბაევის დაკავების მიზეზი სასამართლოში მოწმის სტატუსით არ გამოცხადებაა. ყირგიზეთის კანონმდებლობის თანახმად, თუ მოწმე სასამართლოში გამოკითხვაზე სამჯერ არ გამოცხადდება, მილიციას მისი იძულებით მიყვანის უფლება აქვს.

ვანო მერაბიშვილი

ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2004 წლის დეკემბრიდან 2012 წლის 30 ივნისამდე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი გენერალური მდივანი. 2012 წლის 4 ივლისიდან 25 ოქტომბრამდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2000 წლიდან საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. 2003 წელს ვარდების რევოლუციის აქტიური მხარდამჭერი იყო. 2004 წელს, 26 იანვარს პრეზიდენტმა სააკაშვილმა დანიშნა პრეზიდენტის თანაშემწედ ეროვნული უშიშროების საკითხებში და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობას ასრულებდა. ამავე წლის 7 ივნისი - 18 დეკემბერი - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრია. 2004 წლის 18 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად.

2013 წლის 21 მაისს, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი, კახეთის გუბერნატორი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 5.2 მილიონი ლარის პარტიული აქტივისტების დასაქმებისთვის გამოყენების ბრალდებით დააკავეს. 2013 წლის 17 თებერვალს, სასამართლომ მერაბიშვილს მიუსაჯა 5 წლით პატიმრობა უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის. 2016 წლის სექტემბერში, სასამართლომ მერაბიშვილს მიუსაჯა 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატზე, ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ორგანიზებისთვის.

2020 წლის 20 თებერვალს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი პენიტენციური დაწესებულებიდან, ე. წ. „მატროსოვის ციხიდან“ გათავისუფლდა.

იულია ტიმოშენკო

უკრაინელი პოლიტიკოსი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი, პარტიის „ბატკივშინა“ და ბლოკ იულია ტიმოშენკოს ლიდერი. იგი არის 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი.

2005 წლის 4 თებერვალს უკრაინის უზენაესმა რადამ ხმათა უმრავლესობით იულია ტიმოშენკო ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა, თუმცა 2005 წლის 8 სექტემბერს პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ მისი კაბინეტი გადააყენა.

2007 წლის 18 დეკემბერს უზენაესმა რადამ ხმათა უმრავლესობით იულია ტიმოშენკო ქვეყნის პრემიერ-მინისტრად კვლავ დაამტკიცა.

უკრაინის ექსპრემიერი, იულია ტიმოშენკო 2009 წლის ოქტომბერში დააკავეს. მას რუსეთთან გაზის ხელშეკრულების დადებისას უფლებამოსილების გადამეტებაში და ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანო ხელშეკრულების გაფორმებაში დასდეს ბრალი. სასამართლომ ყოფილ პრემიერს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

2014 წელს ტიმოშენკო საპყრობილიდან გაათავისუფლეს. უკრაინის რადამ კანონი მიიღო, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს გათავისუფლების საშუალებას იძლეოდა. უმაღლესმა რადამ იმ მუხლის დეკრიმინალიზაცია მოახდინა, რომლითაც იულია ტიმოშენკო იყო დაპატიმრებული.

მიხეილ სააკაშვილი

ქართველი იურისტი, საქართველოსა და უკრაინაში მოღვაწე პოლიტიკოსი, 1995-1999 და 1999-2002 წლებში იყო საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ მანდატით, 2000-2001 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ხოლო 2004 წლის 25 იანვრიდან 2007 წლის 25 ნოემბრამდე და 2008 წლის 20 იანვრიდან – 2013 წლის 17 ნოემბრამდე საქართველოს მე-3 პრეზიდენტი.

2021 წლის 1-ელ ოქტომბერს სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის საქართველოში უკრაინიდან დაბრუნდა, სადაც ბოლო წლები ცხოვრობდა. გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც მისი აღწერის მიხედვით, ბათუმში იყო გადაღებული. მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ უარყოფდა გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებდა, რომ სააკაშვილი უკრაინაშია და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია, მაგრამ მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ბრალდებულია სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე, კერძოდ:

🔴 სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით.

საუბარია 2006 წლის 28 იანვარს მომხდარ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე. საკითხი ეხება გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პირთა შეწყალებას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დამნაშავედ ცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით.

სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განესაზღვრა სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით ჩამოერთვა.

🔴 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით (ე.წ. „7 ნოემბრისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმე“).

🔴 სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ჩადენილი ძალადობით და იარაღის გამოყენებით, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ასევე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებისთვის (სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით).

საქმე ეხება 2005 წლის 14 ივლისს, ვალერი გელაშვილსა და მის თანხმლებ პირებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა ამინისტიის შესახებ კანონით, დანიშნული სასჯელი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით შეუმცირდა.

🔴 წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (8 837 461 ლარის) საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „დ’“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,„ბ“ ქვეპუნქტით (სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების საქმე.

დღევანდელი კანონმდებლობით, სხვადასხვა სასჯელის ვადა არ ჯამდება და მსჯავრდებულს ელოდება სასამართლოს მიერ გამოტანილი ყველაზე მაღალი სასჯელი. ამ შემთხვევაში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროში 6 წელი უნდა გაატაროს.