
"დღეის მდგომარეობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს", -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პრეზიდენტთან შეთანხმებით გადაწყვეტილება იქნა მიღებული საჭიროების შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.
"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, დღეის მდგომარეობით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა პრეზიდენტთან შეთანხმებით ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება, ჩვენ შევძლებთ რამდენიმე საათის განმავლობაში ამ გადაწყვეტილების მიღებას და შემდგომ აღსრულებას. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ, ხვალ, ზეგ, მაზეგ, როგორც კი ამის აუცილებლობა დადგება და ჩვენი მედიკოსები, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვირუსის გავრცელების შემდგომი შეჩერების მიზნით ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით ლაბორატორიულად დადასტურებული 40 შემთხვევაა გამოვლენილი,მათ შორის ერთი გამოჯანმრთელდა.