მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„განვაგრძობთ მონიტორინგს, რომ სააკაშვილის უფლებები და ღირსება დაცული იყოს“ - კარლ ჰარცელი

კარლ ჰარცელი ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. 

ევროპელი დიპლომატის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ მესამე პრეზიდენტის გამოჯანმრთელების პროცესი სწორი მიმართულებით მიდის. 

ჰარცელი აცხადებს, რომ დადებითი პულსი, რომელიც გაჩნდა, ყველა მხარემ გამოიყენოს იმისთვის, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.  

„პირველ რიგში კმაყოფილება მინდა გამოვთქვა იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით გადაიდგა რამდენიმე დღის წინ. ასევე, მიხარია, რომ მისი გამოჯანმრთელების პროცესი სწორი მიმართულებით მიდის, რადგან ეს ახლა არის მთავარი. 

რა თქმა უნდა, ამით ეს ამბავი არ დასრულებულა, ჩვენ განვაგრძობთ მონიტორინგს, რომ მისი უფლებები, მათ შორის პირადი ცხოვრების უფლება და ღირსება, დაცული იყოს. ეს, ასევე, ეხება სასამართლო პროცესზე მისი დასწრების უფლებას, რადგან ეს საქართველოს კანონმდებლობითაც არის გათვალისწინებული და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც. 

უფრო ფართოდ რომ შევხედოთ ამ საკითხს, ვფიქრობ, ახლა არის დრო, რომ ეს დადებითი პულსი, რომელიც გაჩნდა ყველა მხარემ გამოიყენოს იმისთვის, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდეს“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.  

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

 „საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში“ - სააკაშვილი

⭕ „ახლა არჩევანიც და არადანიც მიშაა“ - გუბაზ სანიკიძე

 „ასეთ საქმეზე უკრაინაში ციხეში ვერავინ მოხვდება“ - ევგენი გრუშოვეცი მიხეილ სააკაშვილზე