მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გუშინ საქართველოს ელჩი დაბარებული იყო ბრიუსელის სათავო ოფისში“ - კარლ ჰარცელი დიპლომატების მოსმენაზე

ევროკავშირის ელჩი საქართველოში

„საქართველოს ელჩი გუშინ დაბარებული იყო ბრიუსელის სათავო ოფისში, რათა დაფიქსირებულიყო პოზიციები და ყოფილიყო შემდგომი მსჯელობა. თავს შევიკავებ დეტალებში ღრმად შესვლაზე. ვადევნებთ თვალს მოვლენებს და გვაქვს კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან“, - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი გავრცელებული ჩანაწერების საქმეს, რომელშიც დიპლომატების საუბრების შესახებ ფაილებიც არის.

მისი თქმით, ბრიუსელი ამ საკითხს სერიოზულად ეკიდება.

„თქვენ უკვე იცით ბრიუსელის რეაქცია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვუყურებთ, რადგან ეს საბოლოო ჯამში ვენის კონვენციის დარღვევას ეხება და არ არის ბუნებრივი, როცა ასეთი დამოკიდებულებაა პარტნიორი ქვეყნის მხრიდან“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დიპლომატი განმარტავს, რომ დაუშვებელია ადამიანების პირადი ცხოვრების მიყურადება და თვალთვალი.

„მინდა მოსმენებთან დაკავშირებით მინდა უფრო ღრმად შევეხო საკითხს, როგორც შინაარსს, ასევე ზოგადად. უნდა გაგრძელდეს დისკუსია მოსმენებისა და მიყურადების მასშტაბზე. უსაფრთხოების სამსახურმა უნდა იმუშაოს იმ საფრთხეებზე, რაც ქვეყანას ემუქრება, მაგალითად ტერორიზმი და შპიონაჟი. ეს უნდა განხორციელდეს ძალიან ფრთხილად და ეს ინსტიტუცია ანგარიშვალდებული უნდა იყოს.

ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო პირადი ცხოვრების ხელყოფის დაუშვებლობა. ყველა ადამიანს აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და დაცვის უფლება. მიმდინარეობს გამოძიება და უფრო ფართო დისკუსიაა საჭირო პოლიტიკურ სპექტრში, რადგან მიყურადება და თვალთვალი არ არის დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი“, - აღნიშნა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს გავრცელდა ჩანაწერები მაღალი იერარქიის სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და დიპლომატების სავარაუდო სატელეფონო საუბრების გაშიფრული მასალები.

პროკურატურამ მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.