მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაგო ხვიჩია: პარლამენტში შეგვაქვს კანონპროექტი, რომ ციხიდან გამოუშვან ის ადამიანები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე იქ უკანონოდ სხედან

გირჩის თავმჯდომარე

საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „გირჩი“ კანონპროექტი მოამზადა, რომელთან დაკავშირებითაც ჯგუფის თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია ე.წ. ბირჟა მაფიას საქმე, სადაც დადასტურდა სამართალდამცველთა მიერ ნარკოტიკული ნივთიერების „ჩადების“ ფაქტი.

„ეს საქმე გასაჩივრდა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც უნდა დადგენილიყო სტანდარტი, თუ რა არის მტკიცებულების მისაღები ფორმა, რითაც მტკიცებულება საქმეზე უნდა დამაგრდეს და მის შესაბამისად ადამიანს  შეეფარდოს გარკვეული ტიპის სასჯელი. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ არ შეიძლება მტკიცებულებად ჩაითვალოს ისეთი ჩხრეკა და შესაბამისად ამოღება, სადაც  ინფორმაცია მოწოდებულია კონფიდენტის ნალაპარაკების საფუძველზე  და ამასთან  ჩხრეკასა და ამოღებას ესწრება მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები და პოლიციამ არ მიიღო არცერთი სხვა ზომა იმისათვის, რომ მტკიცებულება ყოფილიყო სხვანაირად გამყარებული“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, ამ საქმეზე დაკავებული ადამიანები  გარკვეული  პოლიტიკური პროცესების შედეგად გათავისუფლდნენ. შესაბამისად, ის ადამიანები,  რომლებიც იდენტური მტკიცებულებებით ციხეში სხედან, უნდა გათავისუფლებულიყვნენ.

„ეს რომ არ მომხდარიყო, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემამ, განსაკუთრებით , საერთო სასამართლოებმა, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს  გადაწყვეტილება განმარტეს შემდეგნაირად:  ციხეში რომ მსხდარიყვნენ საკონსტიტუციო სარჩელის ავტორები, ისინი დღესაც ციხეში ისხდებოდნენ და ამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მათ მოიგეს, ციხიდან ვერ გამოვიდოდნენ.

ჩვენ გვინდა, საქართველოს პარლამენტში შევიტანოთ კანონპროექტი, რომელიც სრულყოფილად აღასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ადამიანები, რომლებიც ამ სტანდარტით სხედან ციხეში,  კანონის უკუქცევითი პრინციპიდან გამომდინარე,  გათავისუფლდნენ. ვთხოვთ საზოგადოებას ყურადღება მიაქციონ ამ გადაწყვეტილებას, რათა ციხიდან  გამოუშვან ის ადამიანები, რომლებიც დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე იქ უკანონოდ სხედან“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.