პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
1663865209
დაკოპირებულია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს  შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილმა და მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ისაუბრეს საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე ევროპის საბჭოსთან, ხაზი გაესვა ორგანიზაციის მნიშვნელოვან კონტრიბუციას საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ამ კონტექსტში აღინიშნა ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ასევე ჰუმანიტარული ჩართულობის სახით კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში.

ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მაღალ პოლიტიკურ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას და დადებითი შეფასება მიეცა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარებისა და უსაფრთხოების გარემოს შესახებ გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიშების პრაქტიკას,  რისთვისაც ილია დარჩიაშვილმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, უკრაინაში მიმდინარე ომს. 

გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ორგანიზაციის მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი ქმედებებში აქტიური ჩართულობისთვის.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მხრიდან საქართველოში რეფორმების მხარდაჭერის წლიურ სამოქმედო გეგმას და მის იმპლემენტაციას“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.