მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იმედგაცრუებულები დავრჩით“ - დეგნანი ოხანაშვილი-წერეთლის დაპირისპირებაზე

კელი დეგნანი

„ცოტა იმედგაცრუებული დავრჩით, რომ გუშინდელმა ინციდენტმა გადაფარა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რაც იყო მართლაც არაჩვეულებრივი, ძალიან პოზიტიური,“ - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

კელი დეგნანის თქმით, საელჩო დაპირისპირების ფაქტს სწავლობს.

„ჩვენ ვსწავლობთ ამ საქმეს. ჯერჯერობით არ ვიცით, დაიწყო თუ არა რაიმე პროცესები ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალადობა მიუღებელია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში არაერთხელ ვნახეთ მსგავსი შემთხვევა მედიის წინააღმდეგ.

შეშფოთებულები ვართ იმით, რომ რეგიონებში ძალადობას აქვს ადგილი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებზე. შემაშფოთებელია, როცა ძალადობრივი გზით იზღუდება ადამიანის შეკრების, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება.

გუშინ არაჩვეულებრივი ღონისძიება გავმართეთ, გვინდოდა კიდევ ერთხელ გაგვესვა ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ქართველები ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ერთიანდებიან.

იმედგაცრუებულები დავრჩით, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ჩვენი პოზიტიური, შესანიშნავი ღონისძიება ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად“, - აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი. 

ცნობისთვის, „TV პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის თქმით, მას „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ჭიქა ესროლეს.

წერეთლის თქმით, ინციდენტი ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც საელჩოში ღონისძიება მიმდინარეობდა.

„ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოჰყვა ოდიშარია, ზარქუა, მგალობლიშვილი. მომიჭირა ყელზე, დამიწყო გარჩევები. რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი. სახეში მომხვდა ორივე. ისე უცებ მოხდა, ერთი ხელი, მეორე და მერე ჭიქა მესროლა... წარმოუდგენელია, დავიბენი“, - ამბობს ვატო წერეთელი.

აღნიშნულ ინციდენტზე ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან კელი დეგნანისგან კადრების გასაჯაროებას ითხოვს.

მომხდართან დაკავშირებით ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ვატო წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი:

„საუბარია უბინძურეს პროვოკაციაზე, რომელსაც ვერცერთი ქართველი ვერ აიტანს და ამას მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა, ეს იყო და ეს. კამერები, წესით, უნდა იყოს ყველგან და იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ასახულია კამერაზე,“  - ამბობს ანრი ოხანაშვილი.

ამავე თემაზე:

👉 „ამხანაგო“ ხელისუფლებავ! მიდიხართ რუსული ხომალდისკენ“ - თაკო ჩარკვიანი

👉 „როდესაც ხელისუფლება მუშტებზე და კუნთებზე ყურებას იწყებს, იქ იწყება მისი დასასრული“ - დავით უსუფაშვილი

👉 „ნერვებმა უმტყუნა ადამიანს ისეთი მძიმე იყო შეურაცხყოფა“ - მიხეილ სარჯველაძე ოხანაშვილი-წერეთლის ინციდენტზე

👉 „სრული ბოდვა, მასიური ისტერიკა, იქ მყოფი ჩვენი კოლეგების ბულინგის ორგანიზება“ - გია ვოლსკი ოხანაშვილი-წერეთლის დაპირისპირებაზე

👉 „წერეთელი მიეჭრა ანრის და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, ხოლო რაც ახლა ოპოზიციური მედიით მესმის, რომ თურმე 4 კაცმა გავლახეთ, მტკნარი სიცრუეა“ - ირაკლი ზარქუა ოხანაშვილი-წერეთლის დაპირისპირებაზე