
ახალი საარჩევნო მოდელით თბილისში 8 მაჟორიტარული ოლქი იქნება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
თავიდან გაჟღერებული იყო, რომ თბილისში 7 მაჟორიტარული ოლქი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს ოპოზიციასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც თითოეული რეგიონისა და ოლქის საკითხი გაიარეს.
„შეხვედრაზე ყველა საკითხზე პრინციპულად შევთანხმდით, რამდენიმე ტექნიკური დეტალია დარჩენილი.
თბილისში 8 მაჟორიტარული ოლქი იქნება. დედაქალაქში ექვსი შედარებით მსხვილი ადმინისტრაციული რაიონია, ოთხი შედარებით მცირე რაიონი და მოხდება ოთხი რაიონის დაწყვილება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ბიუროზე დღეს დარეგისტრირდება.
2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. ასევე იქნება 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი- ანუ, პარტია, რომელიც 40%-ზე ნაკლებს აიღებს, არ ექნება საპარლამენტო უმრავლესობა და ვერ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას.