მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ივანიშვილი ახლა ითამაშებს გამძლეობაზე და ფსონს დადებს ფსიქოლოგიურ და პროპაგანდისტულ წნეხზე“ - ნიკა გვარამია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი გვარამია რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ ივანიშვილის რეჟიმის გარღვევა შესაძლებელია ერთადერთი გზით. 

„ივანიშვილის რეჟიმის გარღვევა შესაძლებელია ერთადერთი გზით: როცა შიგნიდან წნეხია აქციების სახით, ხოლო გარედან პრესია სანქციების სახით. ხაზგასმით, ორივე ფაქტორი თანაბრად და გადამწყვეტად მნიშვნელოვანია და აძლიერებს და განაპირობებს ერთმანეთს.

შთაბეჭდილება მრჩება (იმედია, მცდარი), რომ სანქციების ნაწილზე მუშაობა, გარკვეულწილად, მეორე პლანზე გადავიდა და ძირითადი აქცენტი გადატანილია შიდა წნეხზე. თუ ჩემი შთაბეჭდილება სწორია, მაშინ ტაქტიკური თვალსაზრისით ეს შეცდომაა, რომელიც ზრდის ივანიშვილის რეჟიმთან მარცხის რისკებს. თან, უკვე არა პოლიტიკური სპექტრის, არამედ - მთელი საზოგადოების მარცხის რისკებს. არა ორი ან ოციათასიანი შეკრებით იმედგაცრუების, არამედ 120 ათასიანი, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი შეკრებით იმედგაცრუების რისკებს.

ეს კი ძალიან გაამყარებს ივანიშვილის დაუმარცხებლობის მითს, გამოიწვევს ფრუსტრაციას და საკუთარი ძალების რწმენის მძიმე ეროზიას. ამიტომაც, ივანიშვილი ახლა ითამაშებს გამძლეობაზე და ფსონს დადებს ფსიქოლოგიურ და პროპაგანდისტულ წნეხზე, მუხტის ჩაქრობაზე, გადაღლაზე. ამიტომაც, ივანიშვილის დამარცხების მთავარი წინაპირობა მისთვის „კუნთების“ სწრაფად შემოცლაა. ეს კუნთები ძალოვანი, სამართალდამცავი და მართლმსაჯულების ორგანოებია - ის, რაც ქმნის ოლიგარქის რეპრესიულ მანქანას, რომლის მეშვეობითაც ივანიშვილი ახორციელებს ქვეყნის ეფექტურ კონტროლს.

მოსამართლეების, პროკურორების, პოლიციის მაღალჩინოსნების დასანქცირება, სწრაფად და ეფექტიანად ჩამოშლის ამ რეპრესიულ მანქანას. თუ არ იარსებებს დარბევის ბრძანების გამცემი და შემსრულებელი, ოპონენტის პოლიტიკურად მდევნელი და დამჭერი, ოლიგარქიული სისტემა იქცევა გოლიათად თიხის ფეხებზე. ამასთან, სუსტი ივანიშვილი, შეუქცევადად დაიწყებს პოლიტიკური გავლენის დაკარგვას, პირველ რიგში, საპარლამენტო უმრავლესობაზე. ყველაფერი ეს არ დაუტოვებს მას ხელისუფლების სწრაფი და მშვიდობიანი გადაბარების ალტერნატივას.

ივანიშვილის დამარცხების გასაღები მის შიშებსა და თვითგადარჩენის ინსტინქტშია. ეს კი, მხოლოდ აქციებით, რთულად მისაღწევი ამოცანაა. სანქციები უკიდურესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ამ მხრივ. არ უნდა დაგვავიწყდეს არც ის, რომ თავად ივანიშვილის თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია პერსონალური სანქციები და რაც უფრო დაბლა დაიწევს ეს მახვილი, მით უფრო „დამყოლი“ გახდება ოლიგარქი. ეფექტურად, ეს ყველაფერი, უმოკლესი გზაა რეალური დეოლიგარქიზაციისკენ.

PS გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნებისმიერი შიდა აქტივობა გარკვეულწილად მოწყვლადია ივანიშვილის რუსული სტილის პროპაგანდისტული მანქანის წინაშე. მეორეს მხრივ კი, ეს სიცრუის მანქანა სრულიად უძლურია საერთაშორისო ინსტრუმენტების წინააღმდეგ. დასავლეთი არა თუ რეზისტენტულია ოცნების პროპაგანდის მიმართ, მეტიც - როგორც ბოლო მოვლენები ცხადყოფს, მძიმედ უპირისპირდება და პასუხობს მას“, - წერს ნიკა გვარამია.