
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია საპატიმროდან მიმართვას ავრცელებს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, ივანიშვილი დასავლეთთან ვაჭრობის სტადიაზე გადავიდა, ვაჭრობის საგანს კი საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და ქვეყნის დასავლური მომავალი წარმოადგენს.
„როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილი გადავიდა ვაჭრობის სტადიაზე. იგი დასავლეთთან ვაჭრობს საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობით და ქვეყნის დასავლური მომავლით.
ივანიშვილის Modus operandi არის სრულიად რუსული. ვაჭრობისას იგი ყოველთვის ბლეფობს და ამორალურად იქცევა. მასთან მოლაპარაკების თუ მოგვარების ნებისმიერ მცდელობას ის სისუსტედ და უკანდახევად მიიჩნევს და იქცევა კიდევ უფრო აღვირახსნილად.
ივანიშვილის რუსული ტიპის ვაჭრობისა და შანტაჟის წინააღმდეგ ჭრის მხოლოდ ხისტი და სწორხაზოვანი პასუხი. რაც უფრო აგრესიულია მისი შეტევა, მით უფრო მკაფიო და მკაცრი უნდა იყოს პასუხი. ის უნდა მიხვდეს, რომ თამაში წაგებულია და უნდა შეეგუოს დამარცხებას. მან უნდა იცოდეს, რომ არავინ წაჰყვება ვაჭრობაში და არავინ არაფერს დაუთმობს. მან უნდა იგრძნოს, რომ რაც მეტად შეეცდება ზიანის მიყენებას დასავლეთისა და საქართველოსთვის, მით უფრო დაზიანდება თავად.
P.S. რაც შეეხება სანქციებზე მიერთებას და განსაკუთრებით სანქციებისაგან თავის ასარიდებლად საქართველოს შავ ხვრელად ქცევისაგან თავის შეკავებას - ამ მოთხოვნების დაყენება და მათი შესრულება კი არ არის ომში ჩართვა, არამედ პირიქით - ამ მოთხოვნაზე უარის თქმა არის ომში ჩართვა, ომში ჩართვა რუსეთის მხარეს“, - ვკითხულობთ მიმართვაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „ვენებს აღარ აქვს მედიკამენტების მიმღეობა“ - ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილზე
👉 „აი, ხოში მაქვსო და ასე პოლიტიკური ვეტო დაადო“ - ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე