მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, იმავეს გაკეთებას ვურჩევდი სააკაშვილს“ - იაგო ხვიჩია

გირჩის წევრი 2020

„პატრიარქის გუშინდელი განცხადება და ქადაგება აზრიანი მგონია და ვფიქრობ, როგორც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, ყოველ შემთხვევაში ნომინალურად მაინც, იმავეს გაკეთებას ვურჩევდი მიხეილ სააკაშვილსაც. ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მარტივი გზაა მისი ციხიდან გამოყვანის“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა. 

მისი თქმით, როცა საპროტესტო გამოსვლებს შედეგი არ მოაქვს, პოლიტიკურმა ფიგურამ სხვა გზას უნდა მიმართოს. 

„როგორიც გინდა ისეთი პატიმარი იყავი, თუ შენს მომხრეებს გარეთ ვერ გამოჰყავხარ და ფიზიკურად არ გაქვს სათანადო ძალა, რომ იქიდან გამოხვიდე და ხელისუფლება ხელში ჩაიგდო, ამ შემთხვევაში, მგონი სხვა გზებზე უნდა იფიქრო და არა მოწოდებებზე და გამოსვლებზე, რომელსაც დიდი ხანია აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, მაგრამ ეს მიხეილ სააკაშვილს ვერ შველის“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ. 

მას არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება ვერ წარმოუდგენია. 

„მისი ციხიდან გამოსვლა და საქართველოში თავისუფლად სიარული მე არ წარმომიდგენია, არა იმიტომ, რომ ამას არ ვგულშემატკივრობ, არამედ არსებული პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ეს რთული ამბავია.

კიევში გაშვებაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დაემთხვევა ჩემს იდეას და მე რაციონალურად მაწყობს, რომ ასე მოხდეს, ადვილი ამბავი არ იქნება. შეწყალებაზე იცით, პრეზიდენტი როგორი კატეგორიულობით საუბრობს, პატრიარქის გუშინდელი განცხადებაც მონანიებაზე, შემთხვევითი არ იყო. აქედან გამომდინარე, მე ვიფიქრებდი ამაზე და მგონია, რომ საჯაროდ ამაზე საუბარი დაიწყება“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ახლა არჩევანიც და არადანიც მიშაა“ - გუბაზ სანიკიძე

 „ასეთ საქმეზე უკრაინაში ციხეში ვერავინ მოხვდება“ - ევგენი გრუშოვეცი მიხეილ სააკაშვილზე

 „სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ყველა პარამეტრი ბოლომდე ნორმალიზებული არ არის“ - ნევროლოგი

 „რჩება ნევროლოგიური დარღვევები, რომლის მკურნალობასაც დრო სჭირდება“ - ექიმი სააკაშვილზე