
თბილისის მერი კახა კალაძე კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყნის მოსახლეობას მიმართავს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ სახლებში დარჩნენ.
მერმა მოსახლოებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების მაქსიმალურად გათვალისწინებისკენ მოუწოდა.
"კიდევ ერთხელ მინდა მივმართო საზოგადოებას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ ყველამ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელსაც პროფესიონალები და დარგის სპეციალისტები გვეუბნებიან. ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან, ურთიერთობისგან, ხელის ჩამორთმევისგან, გადაკოცნისგან და ასე შემდეგ თავი შევიკავოთ. ყველაზე მთავარი - დარჩით სახლში თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, არ გამოხვიდეთ ქალაქში", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა მსოფლიოს ქვეყნებს მიმართა და მოუწოდა, რომ ვირუსზე რაც შეიძლება მეტი ადამიანის ტესტირება მოახდინონ. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 10059-ს შეადგენს.
რაც შეეხება საქართველოს, 20 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული 43 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის ერთი გამოჯანმრთელდა.