
პარტია „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი „ქართული ოცნებიდან“ გურამ მაჭარაშვილის წასვლასა და მის ხუნდაძ-სუბარი-ყაველშვილის ჯგუფში გაწევრიანებაზე საუბრობს. მისი თქმით, მმართველი პარტიის ხრიკი მარტივი გასაშიფრია და ამას იმიტომ აკეთებენ, რომ არ დაკარგონ როგორც პროდასავლური ამომრჩეველი, ასევე, ამომრჩეველი, რომელსაც პროპაგანდისტული მესიჯების სჯერა.
„პროცესი, რასაც ახლა საზოგადოება თვალს ადევნებს, არის „ქართული ოცნების“ ელექტორალური კრიზისი. აქამდე „ქართულ ოცნებას“ სხვადასხვა ტიპის ამომრჩეველი უჭერდა მხარს, მათ შორის ის ამომრჩეველი, ვისაც სწამს, რომ საქართველოს მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარება არის დასავლეთის წიაღში. ეს ამომრჩეველი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. ამას არაერთი კვლევა ადასტურებს, რომელიც საჯარო არ არის, მაგრამ მასზე ბევრ პოლიტიკოსს და ანალიტიკოსს მიუწვდება ხელი. იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლოს და შეინარჩუნოს როგორც პროდასავლელი ამომრჩეველი, ასევე ამომრჩეველი, რომელიც იჯერებს პროპაგანდისტულ მესიჯებს, ამას ერთი პარტიის ფარგლებში ვერ ახერხებენ. ამიტომ მიმართეს ხრიკს, რომ პარტია გაყონ და ჯამში ამომრჩეველი არ დაკარგონ.
„ქართული ოცნებისთვის“ ამომრჩევლის დაკარგა არის გარდაუვალი, პროცესი დაწყებულია და არის შეუქცევადი. ამომრჩეველი, რომელიც წლების განმავლობაში ამ პარტიას უცხადებდა ნდობას, ახლა ხვდება, რომ სინამდვილეში, მათ ქვეყანა დასავლეთისკენ არ მიჰყავთ. არსებობს ამომრჩეველთა მეორე ჯგუფი, რომელთაც ძალადობასა და ზიზღზე დაფუძნებული, ანტიდასავლური რიტორიკა მოსწონს. ესენი ერთად ვეღარ თავსდებიან. ამიტომ საჭიროა პოლიტიკოსების გაყოფა, ახლა ეს მანევრია. ეს არის იგივე „ქართული ოცნება“, მაგრამ აქ არის ტაქტიკური ხრიკი, რაც მარტივად გასაშიფრი და დასანახია. იმ მიზნით, რომ ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფი არ დაკარგონ, ამ ხერხს მიმართეს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „ქართულ ოცნება“ დატოვა. ის საპარლამენტო საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით განაგრძობს და მმართველი გუნდიდან უკვე წასულ დიმიტრი ხუნდაძეს, სოზარ სუბარსა და მიხეილ ყაველაშვილს შეუერთდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „აი, ხოში მაქვსო და ასე პოლიტიკური ვეტო დაადო“ - ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე