
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა რიგგარეშე სესიების მოწვევის განკარგულებას. მან ოპოზიციას და უმრავლესობას მოუწოდა, სესიაში მონაწილეობა მიიღონ და იმუშაონ დეპოლარიზაციის საკითხზე.
ზურაბიშვილი, ასევე, გამოეხმაურა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას, რომლის თანახმად ჩხიკვაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მან „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელს შეხვდა, რომელმაც საუბრისას გამოჰკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და უთხრა, რომ ელჩს აინტერესებს, ამ საქმეზე რატომ მიიღო მან გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით, რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. პრეზიდენტის თქმით, ეს არ არის სწორი ფორმა და თუ რაიმე მტკიცებულება აქვს ჩხიკვაძეს, მაშინ ელჩთან პირადი საუბარი უნდა გამართოს.
„ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც ნიშნავს სესიას და მინდა, საზოგადოებისთვის გასაგები იყოს, რატომ მოვაწერე ხელი. მინდა, ისიც იყოს ნათელი, რომ ზეწოლის შედეგად არ ვაწერ ხელს. მოვაწერე ხელი იმიტომ, რომ მიმაჩნია, დღეს ქვეყნის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის 12 რეკომენდაცია, რომელიც მივიღეთ ევროკომისიისგან, რომელიც 6 თვეში უნდა შევასრულოთ. ამდენად, მიმაჩნია, რომ სესია არის ახლა გამართლებული, კომიტეტები და კომისიები, ასევე, არის გამართლებული. მოვუწოდებ ყველას, ოპოზიციას და უმრავლესობას, მონაწილეობა მიიღონ სრულად ყველაფერში, ყველა ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ, რომ კანონები მივიღოთ დროულად. პირველ რიგში, დეპოლარიზაციის საკითხი ერთად ყოფნით, დიალოგით და პარლამენტში ყოფნით გადავწყვიტოთ. ევროპული პერსპექტივა, რომელიც მივიღეთ, არის ამ ქვეყნის ერთადერთი პერსპექტივა. არავის აქვს უფლება ამ პერსპექტივიდან და გზიდან გადაგვიყვანოს.
არ შეიძლება არ ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც ამერიკის ელჩის მიმართ კეთდება. არ მგონია, ეს სწორი ფორმა იყოს, თუ რამე მტკიცებულებები არის, საერთო დიპლომატიური წესი მოითხოვს, რომ ელჩთან გაიმართოს ერთი ერთზე საუბარი და არა ტელევიზიებით და მედიებით. ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ სხვა მეგობრები არა გვყავს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „საქართველოს დათმობას არ ვაპირებთ და მოვუწოდებთ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ“ - პაატა მანჯგალაძე