მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხომ გესმით, რომ პოლიციის კორდონით „ნამახვანჰესი“ ვერ აშენდება“ - გიორგი ვაშაძის კითხვები პრემიერს

ახალი საქართველოს ლიდერი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სამი კითხვით მიმართა.

მისი პირველი კითხვა საქართველოს რკინიგზის საქმიანობას ეხება. ვაშაძემ ღარიბაშვილს ჰკითხა, ხომ არ ფიქრობს, რომ ზარალის პრობლემის მოსაგვარებლად, მინიმუმ, რკინიგზის მენეჯმენტია შესაცვლელი.

„მაინტერესებს თქვენი კერძო სექტორში მუშაობის დროს თქვენი კომპანიის მენეჯერს, ბევრი ვალი რომ დაეგროვებინა, ზარალი რომ მიეყენებინა, შეაქებდით, პრემიას დაუნიშნავდით, თუ სამსახურიდან გაუშვებდით?

იმიტომ გეკითხებით, რომ საქართველოს რკინიგზა, თქვენ თქვით, რომ ლოგისტიკური ჰაბი და ჩვენი პრიორიტეტიაო. თქვენი პირველი პრემიერობიდან მეორე პრემიერობამდე საქართველოს რკინიგზამ 1,2 მილიარდი ლარი ზარალი დააგროვა. მე მაინტერესებს, ხომ არ გიფიქრიათ, რომ მენეჯმენტი მაინც შეგეცვალათ, როცა მის თანამშრომელს 17 000 ლარი აქვს ხელფასი, ხოლო რიგით რკინიგზელს - 500 ლარი. რაღაც ხომ უნდა უშველოთ ამ ორგანიზმს, რომელიც მოგებიანი იყო და ახლა ზარალზეა“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მან პრემიერს აგრეთვე რიონის ხეობაში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით ჰკითხა.

„რა გამოსავალს ხედავთ რიონის ხეობასთან დაკავშირებით. ხომ გესმით, რომ პოლიციის კორდონით „ნამახვანჰესი“ ვერ აშენდება. ამიტომ, რაღაცნაირად გულთან უნდა მივიტანოთ ეს ამბავი და წინ უნდა წავიდეს ეს საკითხი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მესამე კითხვა კი პანდემიის პერიოდში ექიმების ანაზღაურებას და მათი შრომის დაფასებას შეეხება.

გიორგი ვაშაძემ პრემიერს ჰკითხა, ხომ არ იგეგმება კორონავირუსთან საბრძოლველად აღებული საგარეო ვალიდან სამედიცინო პერსონალს სიმბოლურად 1000-1000 ლარი გადაეცეს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა. ამ წუთებში იგი დეპუტატების კითხვებს ისმენს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ 6665 ადამიანის საარსებო მინიმუმი, თქვენ პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ ხოლმე - ლევან ხაბეიშვილი პრემიერს (ვიდეო)

⭕ „რამდენი ბანკი უნდა გაეძარცვა ესებუას, რომ მოეპარა 129 მილიონი ლარი?“ - რომან გოცირიძის კითხვა მინისტრებს

⭕ „რა დაგიშავათ იმ კანონმორჩილმა მოქალაქეებმა, რომლებმაც ჯარიმები გადაიხადეს?“ - უდუმაშვილი პრემიერს