პოლიტიკა

ხუნდაძე: პარტიების დესტრუქციულმა ნაწილმა ქუჩა მიატოვონ და არჩევნებისთვის მოემზადონ

ქართული ოცნების მაჟორიტარი, 2020
1583688355
დაკოპირებულია

"მაჟორიტარული შემადგენელი შენარჩუნებულია, კრიზისი გამორიცხულია, ასევე თეორიული ვარიანტიც დაზღვეულია, რომ ვადამდელის შემთხვევაშიც კი, არჩევნები მაჟორიტარული შემადგენელით ჩატარდება", -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ საარჩევნო სისტემის მოდელზე ოპოზიციასთან მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდის მიზანი მიღწეულია.

"მას შემდეგ რაც არგუმენტები მოვისმინე და ჩემს მიერ დასმულ კითხვებს პასუხი გაეცა, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მიზანი მიღწეულია. ქვეყანა იმ საარჩევნო მოდელით, რომელიც არის შეთანხმებული, კრიზისში არ შევა. მაჟორიტარული შემადგენელი შენარჩუნებულია და გამარჯვებული გუნდი დააკომპლექტებს მყარ მთავრობას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში თეორიულ ვარიანტს ვგულისხმობს, შემდგომი არჩევნები ჩატარდება ისევ მაჟორიტარული შემადგენელით და არა პროპორციულით. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ დესტრუქციულ ოპოზიციას მიეტოვებინა ქუჩა და არ ჰქონოდა ქუჩაში ყოფნის საფუძველი. ამ საარჩევნო სისტემით ქვეყანას პრობლემა არ ექნება, დანარჩენი პროცესზეა დამოკიდებული. პარტიებმა მიატოვონ ქუჩა, დესტრუქციულ ნაწილს ვგულისხმობ და მოემზადონ არჩევნებისთვის", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, დღეს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდება.