პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
1655979566
დაკოპირებულია

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ჯო მაკჰიუს ხელმძღვანელობით, ირლანდიის საპარლამენტო  დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა ფორმატებში საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ირლანდიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, ასევე 17 ივნისს ასოცირებული ტრიოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადების შესახებ ევროკომისიის მოსაზრებაზე და 23-24 ივნისს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების  მოლოდინებზე ისაუბრეს.

მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგზე და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მან ირლანდიელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა ევროინტეგრაციის პროცესში მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რაც ირლანდიის პარლამენტის მიერ 14 ივნისს მიღებული მორიგი რეზოლუციით კიდევ ერთხელ დადასტურდა.

საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯო მაკჰიუმ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიამ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეა და უსაფრთხოების არქიტექტურა და აღნიშნა, რომ მაქსიმალურად ხელს შეუწყობს საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების მაღალ დონეზე შენარჩუნებას.

ირლანდიელი პარლამენტარები მიესალმნენ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რეფორმების პოზიტიურ დინამიკას და საქართველოს სუვერენიტეტისა და  ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ირლანდიის უპირობო მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციაში ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯო მაკჰიუ, კომიტეტის წევრები შონ ჰოგი და რორი ო მურქუ შედიან.