პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა და ირაკლი ჩიქოვანმა ევროპარლამენტში შეხვედრები გამართეს

შეხვედრები ევროპარლამენტში
1669294354
დაკოპირებულია

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ირაკლი ჩიქოვანი სტრასბურგში ვიზიტით იმყოფებოდნენ. 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარესთან, მარინა კალიურანდთან, საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელთან, სვენ მიქსერთან, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილესთან, მარკეტა გრეგოროვასთან, საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) წევრთან, რაინჰარდ ბუტიკოფერთან, ასევე, სხვადასხვა კომიტეტების წევრებთან და ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან.

შეხვედრებისას განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობა, ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ევროპარლამენტის ანგარიში, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა და ამ კუთხით მიღწეული პროგრესი.

საუბარი ასევე შეეხო შავის ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას.