მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის პლენარულ სესიაში მონაწილეობა მიიღო

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა 29-30 ნოემბერს ევროკავშირის საპრეზიდენტო „ტროიკის“ მოწვევით, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სესიაში მონაწილეობა მიიღო.

მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ, რაც დღემდე სახელმწიფოთა დემოკრატიული ტრანსფორმაციისთვის, ევროკავშირის ერთ-ერთ  ყველაზე ეფექტიან  მექანიზმს წარმოადგენს.

როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საერთო ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროპულ ღირებულებებს იზიარებენ და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ისწრაფვიან, ევროკავშირის კარი იყოს ღია ევროკავშირის შეთანხმების 49-ის შესაბამისად.

„დღეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს და  „ასოცირებულ სამეულს“ - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მრავალი რამ აერთიანებთ ევროპულ სტანდარტებთან და ნორმებთან დაახლოების კუთხით.  თუმცა, მექანიზმები განსხვავებული რჩება ასოცირებული პარტნიორებისთვის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით სარგებლობენ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან ხაზი გაუსვა ქართული მხარის მოლოდინს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგები დეკემბერში იქნება ძლიერი პოლიტიკური გზავნილი ასოცირებული პარტნიორებისთვის მათი ევროპული პერსპექტივის აღიარების თვალსაზრისით.