
„გუშინ გადადგომა მოუწია Credit Suisse-ის აღმასრულებელ დირექტორს. ხომ ყველას ესმის, რომ შვეიცარიული საბანკო სისტემა, ვისი თანხებიც არ უნდა იყოს იქ, ყველას თანხა არის დაცული. ხელშეუხებელია, შეუვალია, არ აინტერესებს ამ საბანკო სისტემას, ვისია, რა არის და როგორ არის. ამ რეპუტაციის დანგრევაც კი დადგა საკითხად და სასწორის ერთ პინაზე, რაღაც ინტერესთან მიმართებაში, ამ ინტერესმა გადაწონა და რაც იყო ფაქტი ვიცით,“ - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„გაუჩერეს ბიძინა ივანიშვილს გადმორიცხვები. პრაქტიკული დასანქცირება მოახდინეს, მისი ადვოკატი ამბობს. სასწორის მეორე პინაზე ვერ დაიდო რეპუტაცია იმ წონისა და იმ სიმძიმის საკითხად, რომ რაღაც სხვა, უფრო მძიმეს არ გადაეწონა. ხომ ფაქტია ეს ყველაფერი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამაში უბრალო ხალხი ჩართული ნამდვილად არ არის და ეს ვიღაცებმა შეძლეს. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ დირექტორი გადადგა, სამართალმა პური ჭამა და ბევრი რამის ლუსტრაცია მოხდა, თავის დროზე ვიღაცებმა რაღაცები მოახერხეს, მაგრამ სიმართლით ამ კაცმა თავისი გაიტანა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მეორე მხარეს დგას ძალიან დიდი ძალა და ძალიან დიდი ინტერესი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.