
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ, თუ გიგი უგულავას წინაშე რაიმე ვალდებულება აქვთ თანაგუნდელებს, მის წინაშე იმართლონ თავი და ამდენ ხალხს ნუ ატყუებენ.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები მემორანდუმის ტექსტის ერთ ნაწილს არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ.
„შეთანხმება შედგა იმ საკითხებზე, რაც წერია მემორანდუმში, რაც წერია შესაბამის დოკუმენტში და იმის იქით არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. მართლმსაჯულება, პროკურატურა, პრეზიდენტი რა ქმედებას განახორციელებენ - ეს მეორე საკითხია. აქ მთავარია ის, რომ შეთანხმება ამაზე არ შემდგარა. თუ გიგი უგულავას წინაშე რაიმე ვალდებულება აქვთ თანაგუნდელებს, მის წინაშე იმართლონ თავი და ამდენ ხალხს ნუ ატყუებენ. როგორ შეიძლება პირიქით თარგმნო და განაცხადო, რომ მოხდა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ პოლიტიკა ჩაერევა მართლმსაჯულებაში და იქ გათავისუფლებებზე იქნება საუბარი? შეთანხმების ნაწილი ეს საკითხი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა - სახელმწიფო მართლმსაჯულებაში ვერ ჩაერევა.
თუ პასუხისმგებლობაში მიცემული ადამიანის მიმართ სასამართლოში მტკიცებულებები არ იქნება წარდგენილი, სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას გამოიტანს და ის იქნება გამართლებული. თუ მტკიცებულებები საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მას დანაშაული დაუდგინდეს, მაშინ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება და ამაში ჩვენ არ ჩავერევით, „ქართული ოცნების“ არცერთი პოლიტიკური ლიდერი ამას არ აპირებს. სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მიიღებს, პროკურატურა და პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს ჩვენი საქმე არ არის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ინფორმაციისთვის, 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება.