პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: მნიშვნელოვანია გადავდგათ ნაბიჯები სოციალური მეწარმეობის შემდგომი განვითარებისთვის

უმრავლესობის წევრი მარიამ ლაშხი
1663934634
დაკოპირებულია

„სოციალური მეწარმეობა, როგორც ინდუსტრია, საკმაოდ კარგად იკიდებს ფეხს ჩვენს ქვეყანაში და მას  დიდი როლი შეაქვს ქვეყნის, როგორც სოციალურ ასევე, ეკონომიკურ განვითარებაში. იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი შედეგები გვქონდეს ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც არაფორმალურად ვითარდება აღნიშნული ინდუსტრია ისე, მისი კიდევ უფრო მეტად აღიარება და დაფასება მოხდეს და ერთობლივად გადავდგათ ნაბიჯები შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა, მარიამ ლაშხმა პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც სოციალური მეწარმეობის მდგომარეობაზე და გამოწვევებზე მსჯელობდნენ.

შეხვედრის სადისკუსიო თემა „სოციალური მეწარმეობა საქართველოში - არსებული მდგომარეობა, მიმდინარე გამოწვევები და საკანონმდებლო აღიარების შესახებ ინიციატივები“ იყო.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას. მარიამ ლაშხმა აღნიშნა, რომ შექმნილი იყო სამი სამუშაო ჯგუფი, რომელიც საკანონმდებლო გარემოს; ფინანსური გარემოსა და ფინანსებთან ხელმისაწვდომობის,  ასევე, განათლებისა და ცნობადობის გაზრდის მიმართულებით მუშაობდა.  პროცესში  ჩართულები იყვნენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ასევე, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

ღონისძიებაში, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო ორგანიზაციის, სოციალური საწარმოების წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები მონაწილეობდნენ.

შეხვედრისას, საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე და სოციალური მეწარმეობის განვითარების კუთხით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. მონაწილეებმა, ამ გამოწვევის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები წარმოადგინეს და კონკრეტული გეგმები დასახეს.

დისკუსიის საკითხებს წარმოადგენდა: სოციალური მეწარმეობის არსი და მნიშვნელობა; სოციალური მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერის საერთაშორისო ტენდენციები; სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით; სოციალური მეწარმეობა საქართველოში - ადგილობრივი კონტექსტი და გამოწვევები; სოციალური მეწარმეობის საკანონმდებლო აღიარების მნიშვნელობა; სოციალური მეწარმეობის საკანონმდებლო რეგულირების ინიციატივები.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა კვლავ გაგრძელდება.

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის წევრის, მარიამ ლაშხისა და სსიპ-საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის ინიციატივით და ორგანიზებით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა (CSRDG) და სოციალურ საწარმოთა ალიანსის (SEA) თანამონაწილეობით გაიმართა.