მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მარტო ქუჩის აქციები და ტელევიზიიდან კრიტიკა არ არის საკმარისი, აუცილებელია ოპოზიცია სრულად ისხდეს პარლამენტში“ - კახა გოგოლაშვილი

საერთაშორისო ექსპერტი კახა გოგოლაშვილი

„არა მგონია სწორი იყოს ოპოზიციის უდიდესი ნაწილის მიერ პარლამენტის სხდომების ბოიკოტირება, როცა ხელისუფლება იქ იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის წინა დაპირებებთან და შეთანხმებებთან“, - ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიცია პარლამენტში დაუპირისპირდეს ხელისუფლებას.

ამასთან, გოგოლაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში ყოფნა და იქ დებატებში აქტიური მონაწილეობა აუცილებელია თავად პოლიტიკოსების განვითარებისთვის, პოლიტიკური კულტურის ასამაღლებლად.

„ოპოზიციის წარმომადგენლები 100% შემადგენლობით უნდა ისხდნენ პარლამენტის დარბაზში და მწვავე დებატებში უნდა შედიოდნენ ხელისუფლებასთან. თუ შედეგს ვერ გამოიღებს დისკუსია, საკითხის მოსახლეობისთვის უკეთ კომუნიკაცია მაინც მოხდება.

მეტი ადამიანი მიაქცევს ყურადღებას ამ თემებს და მეტ არგუმენტს მოისმენს პარლამენტის ტრიბუნიდან. ასე ხდება ამომრჩევლების განათლება, გათვითცნობიერება, მობილიზება და მათი ნდობის მოპოვებაც. მარტო ქუჩის აქციები და ტელევიზიიდან კრიტიკა არ არის საკმარისი. რატომ? კონან დოილს დავესესხები: „ელემენტარულია“ - ტელევიზიებში ოპოზიცია და ხელისუფლება არსად იკვეთება, რადგან საკუთარ არხებზე საუბრობენ სულ თავის სასარგებლოდ. იქ ხალხი ვერ ხედავს ღია დებატებს და ვერ გადაუწყვეტია ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. არც ოპოზიციის მიტინგზე მიდის ხელისუფლება და არც პირიქით. ამიტომ იქ წარმოთქმული მოსაზრებები მხოლოდ მათი მხარდამჭერების ცნობიერებაში აირეკლება თითქმის უალტერნატივოდ.

ქვეყანაში კი მეტ-ნაკლებად 50% გადაუწყვეტელი ამომრჩეველია. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიცია პარლამენტში დაუპირისპირდეს ხელისუფლებას დებატებში. მხოლოდ ასე, როდესაც ორივე პოზიციას ისმენს ხალხი (რადგან სხდომები გამჭვირვალედ მიმდინარეობს) და ორივე მხარის არგუმენტებს, შეუძლია თავად გადაწყვიტოს ვისი მიდგომა უფრო მართებულია. პარლამენტში ყოფნა და იქ დებატებში აქტიური მონაწილეობა, ასევე, აუცილებელია თავად პოლიტიკოსების განვითარებისთვის, პოლიტიკური კულტურის ასამაღლებლად და მრავალი სხვა.

მოკლედ პერმანენტული საპარლამენტო ბოიკოტი ვფიქრობ მხოლოდ აზარალებს მთლიანად ქვეყანას, ასუსტებს მას და ზრდის პოლარიზაციას და ურთიერთმიუღებლობას საზოგადოებაში. ვფიქრობ დროა ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც არ ესწრება საპარლამენტო შეხვედრებს, შეცვალოს საკუთარი მიდგომა და რაც მალე, მით უკეთესი, მათ შორის საკუთარი წარმატებისთვისაც“, - წერს კახა გოგოლაშვილი.

შეგახსენებთ, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე აირჩია, „ლელომ“ კი სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.