მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიღებული კანონით მიღწეულ იქნა სახელმწიფო ინსპექტორის სახლში გაშვების მიზანი“ - ლონდა თოლორაია

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი

„მიღებული კანონით მიღწეულ იქნა მთავარი მიზანი, სახლში იყოს გაშვებული 2019 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ 6 წლის ვადით არჩეული სახელმწიფო ინსპექტორი და ავტომატურად, სახელმწიფო ინსპექტორის ყველა მოადგილე“, - ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა. 

 მისი თქმით, კანონი დაჩქარებული წესით და ევროპულ ღირებულებებთან წინააღმდეგობით იქნა მიღებული. 

„კანონი მიღებულ იქნა ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების სახელით, მაშინ, როცა ამ კანონის მიღების ფორმას და მეთოდებს არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან. კანონი მიღებულ იქნა ევროპული ღირებულებების სახელით, მაშინ, როცა კანონის განხილვის შეჩერება მოითხოვა ევროკავშირმა. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, გაერომ, აშშ-ის ელჩმა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. ყველა მათგანმა მიუთითა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის დაშლა, ასეთი დაჩქარებული წესით, გაუმჭვირვალედ იყო მიუღებელი და ამ კანონის მიღება დაფუძნებული უნდა ყოფილიყო ფართო დისკუსიას, ღია და ღრმა განხილვებს, მათ შორის ამ დისკუსიებში ჩართული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ინსპექტორი.

რეფორმა უნდა განხორციელებულიყო ფრთხილად და სახელმწიფო თანამდებობების პირების მიმართ მსგავსი მსუსხავი ეფექტის თავიდან აცილების გზით. ასევე მითითებული იყო, რომ ეს პროცესი საფრთხეს უქმნიდა საქართველოს დემოკრატიას და ძირს უთხრიდა სამსახურის დამოუკიდებლობას“, - აღნიშნა ლონდა თოლორაიამ. 

მისივე განმარტებით, პარლამენტის მიერ არჩევითი თანამდებობის გაუქმება უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, რითაც ქვეყანაში დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი აღარ არსებობს.

ლონდა თოლორაიამ პრეზიდენტს აღნიშნული კანონის შესახებ დაფიქსირებული პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი მას ვეტოს დაადებს. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც აღნიშნული სამსახური გაუქმდა.