მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილი საჯარო მოხელეებსა და სამთავრობო მედიის წარმომადგენლებს მიმართავს

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჯარო მოხელეებს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, კომისიებში დასაქმებულ პედაგოგებსა და სამთავრობო მედიის წარმომადგენლებს მიმართავს

მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმელებს და პოლიციელებს მოუწოდებს, არ დაარბიონ მშვიდობიანი საპროტესტო აქციები.

„ჩემო ძვირფასებო, ალბათ ნახეთ 14 ოქტომბერს უზარმაზარი შეკრება თავისუფლების მოედანზე. 60 ათასი ადამიანი შეიკრიბა და მოითხოვდა ქვეყნის, და არა მარტო, პირადად ჩემს გათავისუფლებას. შეიკრიბა სიყვარულით და დიდი შერიგების მოთხოვნით. ჩემთვის ეს შეკრება და მისი სულისკვეთება უტყუარი ნიშანი იყო იმისა, რომ რეჟიმს აღარანაირი სერიოზული დასაყრდენი არ გააჩნია საზოგადოებაში. მისი არსებობის ბოლო დღეებში, რეჟიმი კიდევ უფრო გააძლიერებს თქვენზე ძალადობას და შეეცდება ბოლომდე გამოგიყენოთ არჩევნების გასაყალბებლად. თუმცა ვერანაირი გაყალბება მათ ვეღარ უშველის - მათ სრულიად დაკარგეს მთავარი, ქართველი ხალხის ნდობა და მხარდაჭერა. ამის გარეშე კი არჩევნებში ვერავინ ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს.

მინდა გთხოვოთ, რომ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს შვილები ხართ და როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, გსურთ თავისუფალ, დემოკრატიულ, დაცულ და განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება თქვენი კეთილდღეობა. ის, რასაც თქვენ გაკეთებინებენ, ეწინააღმდეგება სწორედ ამ მიზნებს და უფსკრულისკენ მიაქანებს ჩვენს სამშობლოს. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, უარი თქვით არა მხოლოდ აქტიურ გაყალბებაზე, არამედ თვალის დახუჭვაზეც თქვენს თვალწინ მიმდინარე გაყალბებაზე. უარი თქვით „ქართულ ოცნებაზე“ და აირჩიეთ სამშობლო, რომლის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება დღეს ოპოზიციის არჩევაზე გადის.

მოვუწოდებ სპეცრაზმელებს და პოლიციელებს, ნუ დაარბევენ საკუთარი ხალხის მშვიდობიან საპროტესტო აქციებს. იმ ხალხის, ვისი დაცვაც მათი მოვალეობაა. სწორედ ხალხის, და არა რეჟიმის და პირადად ივანიშვილის.

მოვუწოდებ სამთავრობო მასმედიის წარმომადგენლებს, ღიად თქვან სიმართლე და უარი თქვან აშკარა სიცრუეზე და ამით წვლილი არ შეიტანონ საკუთარი სამშობლოს განადგურებაში.

ჩვენ წინ გვაქვს დიდი შერიგება, ხოლო შერიგებას ერთმანეთის შემხვედრი მოძრაობები სჭირდება ყველას მხრიდან.

ძვირფასო სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებო, თქვენ არავის ვალი არ გაქვთ, პირიქით, სახელმწიფოს აქვს თქვენი ვალი, ვინაიდან თქვენს აბსოლუტურ უმრავლესობას ამუშავებს მიზერულ ხელფასზე და დამამცირებელ პირობებში ამყოფებს. ამიტომ, ჩვენს მოვალეობად თქვენს გათავისუფლებასაც ვთვლით და მერე ბევრად მეტად დაფასდება თქვენი ნიჭი და უნარები და ბევრად უფრო რეალიზებულად და სასარგებლოდ იგრძნობს თითოეული თქვენგანი თავს. მეგობრული სალმით მიხეილ სააკაშვილი“, - ნათქვამია მესამე პრეზიდენტის მიმართვაში.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

10 ოქტომბრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „არ მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ“ - ბესელია

🔴 ეს არის ფარსი, მიშა და შენდა სამწუხაროდ, ფარსია შენი ბუნებრივი მდგომარეობა - გიორგი გამსახურდია მიხეილ სააკაშვილს

🔴 „მიშა სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი და არის იქ, სადაც უნდა იყოს“ - გახარია

🔴 „გადაიყვანენ საავადმყოფოში და ამით დამთავრდება ყველაფერი“ - საყვარელიძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე