მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოგვეცით საშუალება, დაგიბრუნოთ ქვეყანა და მერე ატარეთ ექსპერიმენტები: ხან ნარკომანები აირჩიეთ, ხან კაგებე და ხან ოლიგარქები“ - შალვა ნათელაშვილი (ვიდეო)

შალვა ნათელაშვილი

„ყველაფერი ცუდი, რაც ძველი თაობის პოლიტიკოსებს ჰქონდათ, დღევანდელ პოლიტიკოსებშია - მონური სინდრომი გამჯდარი“, - აღნიშნულის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა.

ნათელაშვილი აღნიშნავს, რომ საკუთარი პარტია ქვეყანას დაეხმარება, საქართველო განთავისუფლდეს პუტინის მონობისაგან. ის იმედოვნებს, რომ ოპოზიცია ამას შეძლებს.

„პოლიტიკოსებს საკუთარი ხალხი ფეხზე ჰკიდიათ, მაგრამ უცხოელი რომ ეტყვით, ყველაფერზე ეთანხმებიან. დაუბრიალა თვალები ამერიკის ელჩმა ოპოზიციურ პარტიებს და შევარდნენ პარლამენტში. რას უყურებ იმას? - მას თავისი ინტერესი და დავალება აქვს.

თუ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, დამოუკიდებლობის მაგალითი პოლიტიკოსებმა უნდა მივცეთ ხალხსაც და მსოფლიოსაც და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელმაც კაცობრიობას შეუქმნა უნიკალური ცივილიზაცია და უნიკალური კულტურა.

ჩვენმა მოკავშირე ევროპამ ამ წუთებში მიგვატოვა, აშშ-ს არ მიუტოვებივართ, მაგრამ ტრამპის დანატოვარი დიპლომატიური კორპუსი სახელმწიფო დეპარტამენტში და ელჩის სახით, აი, აქ აგრძელებდა იმ პოლიტიკას, რომელიც კუშნერმა დაიწყო“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მან საკუთარ საარჩევნო კამპანიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ლეიბორისტული პარტია“ ბოლომდე იბრძოლებს ქვეყნის გადასარჩენად.

„ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ხალხს დავუმტკიცოთ მომავლისადმი რწმენა ჩვენი მხრიდან და ამავდროულად, ოპოზიცია, ვინც ხელისუფლებას შეცვლის, სისტემას გააკეთილშობილებს, გარდაქმნის და გადააქცევს სახელმწიფოს სახალხო მოვლენად, ეს მხოლოდ „ლეიბორისტული პარტიაა.

უნდა მოგვეცეს საშუალება, რომ დაგიბრუნოთ ქვეყანა და მერე ატარეთ ექსპერიმენტები: ხან ნარკომანები აირჩიეთ, ხან კაგებე და ხან ოლიგარქები. ნუ ატარებთ ექსპერიმენტებს და დავიწყოთ ლაშქრობა საქართველოს გადასარჩენად“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მან ასევე ვაქცინაციის შესახებაც ისაუბრა და გაიხსენა ერეკლე მეფის მაგალითი. „როდესაც 1712 წელს ჩამოვიდნენ იტალიელი პატრები ყვავილის აცრა ახალი მოგონილი იყო, ჩვენს ქვეყანაში კი ფართოდ იყო გავრცელებული და ერეკლემ თავისი შვილი იულონი ააცრევინა. 3 საუკუნის წინ ერეკლემ პირადი მაგალითი მისცა ხალხს და რისი უნდა გვეშინოდეს ჩვენ?“ - განაცხადა ნათელაშვილმა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის ლაშა ჩხარტიშვილი იბრძოლებს, ხოლო მერობის კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილი იქნება