
„ორი წერილის ამბავი - თედო ჯაფარიძის ცინიზმით და შეურაცხყოფებით გაჯერებული ტექსტი და სოზარ სუბარის ღირსეული და არგუმენტირებული პასუხი. რა შეიძლება ითქვას? კიდევ ერთი დასტური, რომ მთავარი ის კი არ არის, რამდენ ათწლეულს ითვლის შენი დიპლომატიური კარიერა, მთავარია რა გიკეთებია ამ წლების განმავლობაში და განსაკუთრებით კი, ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტებში!“, - ამის შესახებ პოლიტიკოსი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის თედო ჯაფარიძის წერილსა და ამავე წერილზე პოლიტიკოს სოზარ სუბარის პასუხს ეხმაურება.
„დათო მაღრაძეს დავესესხები მორიგ ჯერზე - არიან ადამიანები CV-ით და არიან ადამიანები ბიოგრაფიით! სწორედ ეს სხვაობა გახადა თვალსაჩინო აღნიშნულმა წერილებმა, სოზარსა და თედო ჯაფარიძეს შორის!
1989 წელს ბატონი თედო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აშშ-კანადის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი გახლდათ, ხოლო მამუკა ხაზარაძე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კომკავშირის ხელმძღვანელი, დღეს კი სხვა „დიდი ქვეყნის“ ინტერესებს ემსახურებიან შესაშური მონდომებით.
ალბათ, ამ უხილავმა კავშირმა განაპირობა, რომ მრავალწლიანი დიპ-კარიერის დასასრულს, თედო ჯაფარიძის ნავმა ანაკლიის ღრმა წყლებში შეცურა. მართალია ანაკლიის პორტს ვერა არგო ბატონი თედოს დიპლომატიურმა გამოცდილებამ, მაგრამ ამ ტექსტით ნამდვილად აქვს ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატობის პერსპექტივა“, - წერს ვატო შაქარიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი ელჩი აშშ-ში თედო ჯაფარიძე „ქართული ოცნებიდან“ სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის წასვლას და მათ დამოუკიდებელ დეპუტატებად გახდომას ეხმიანება.
როგორც ჯაფარიძე წერს, მმართველი პარტია ახლა უკვე „ვითომ დამოუკიდებელ პარლამენტარებს“ ახმოვანებინებს იმ მესიჯებს, რასაც თავად ვერ ამბობს.
თედო ჯაფარიძის წერილს პოლიტიკოსმა სოზარ სუბარმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ელჩის სიჩუმე ერთგვარად ახალისებს იმ რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაუფარავად ცდილობენ ჩვენი სამშობლოს ომში ჩართვას.
როგორც სუბარი აღნიშნავს, არ შეიძლება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს ელჩი არ გმობდეს ღიად ომის რიტორიკას ქვეყანაში.