პოლიტიკა

მთავრობა და საბანკო სექტორი ტურისტული სექტორის მხარდასაჭერად ნაბიჯებს გადადგამენ

საბანკო სექტორთან შეხვედრა
1583907013
დაკოპირებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომერციული ბანკების ხელმძღვანელებმა შეხვედრა გამართეს, სადაც შეთანხმდნენ, რომ საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები კორონავირუსის გავრცელებით ტურიზმის სექტორზე გამოწვეული ნეგატიური გავლენების შემცირებისთვის კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩამოყალიბდება ქმედითი სამუშაო მექანიზმი, მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც უახლოეს დღეებში წარადგენს კონკრეტული ნაბიჯების გეგმას ტურისტული სექტორის დასახმარებლად.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა საბანკო სექტორს ამ პროცესში ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ მიიჩნევს და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მზად არის.

საბანკო სექტორმა დააფიქსირა მზადყოფნა, იმ შემთხვევაში, თუ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, კორონავირუსის გავრცელების გამო, მიმდინარე გადახდებში გარკვეული პრობლემები შეექმნებათ, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ტურისტულ ინდუსტრიას სხვადასხვა ფორმით.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ დღეს უმთავრესი ამოცანაა, მოწყვლად სექტორებში დარჩეს რაც შეიძლება მეტი ფულადი რესურსი, რათა მიმდინარე პროექტების განხორციელებას ხელი არ შეეშალოს და ამ მიზნის მისაღწევად, როგორც სახელმწიფო, ეროვნული ბანკი და კომერციული საბანკო სექტორი, კონკრეტულ, კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამენ.

ტურიზმის სექტორზე გავლენის გარდა, აღინიშნა კორონავირუსის გავრცელების შესაძლო პირდაპირი გავლენა საფინანსო-საბანკო სექტორზე, თუმცა ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საბანკო სექტორი დღეს გაცილებით მზადაა, მსგავსი ტიპის საგარეო ეფექტების ნეგატიური გავლენის მინიმიზებისთვის.

შეხვედრაში მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობდნენ.