მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნარკოტესტის თემაზე საუბარი დავამთავრე, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კამპანიაში გვერდით არავინ დამიდგა - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე

„გულწრფელად მეგონა, რომ ყველა კანდიდატი ერთად ვაწარმოებდით კამპანიას ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით. თუმცა, არაუშავს, მე ამას მარტო გავაკეთებ“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი მოწოდება, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატებს ჩაებარებინათ ნარკოტესტი და ამით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის შეეწყოთ ხელი, არავინ გაითვალისწინა. შესაბამისად, ამ თემაზე საუბარს აღარ აპირებს.

„მე ნარკოტესტის თემაზე საუბარი დავამთავრე, გულწრფელად მეგონა, რომ ყველა გვერდით დამიდგებოდა და ვაწარმოებდით კამპანიას ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით. თუმცა, არაუშავს, მე ამას მარტო გავაკეთებ. ამ მიმართულებით, ბოლო წლების განმავლობაში, უამრავი კარგი საქმე მაქვს გაკეთებული ჩემს გუნდთან ერთად და მომავალშიც ძალიან კარგ პროექტებს განვახორციელებთ. ეს იქნება მულტიფუნქციური კომპლექსები, რეკრეაციულ სივრცეებში ფიტნეს ზონების მოწყობა, სადაც ყველა თაობის ადამიანი სპორტით და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, დაჯდება თუ არა დებატებზე თბილისის მერობის სხვა კანდიდატებთან, კახა კალაძე პასუხობს, რომ ამისთვის პირველივე დღიდან მზაობა გამოხატა. „დებატებზე არანაირი პრობლემა არ არის. პირველივე დღიდან ვამბობ, რომ ამისთვის მზად ვარ და განცხადებაც ბევრჯერ გავაკეთე, რომ დებატებში დავჯდები 16-ვე კანდიდატთან“, - აღნიშნა დედაქალაქის მერობის კანდიდატმა.