მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნებისმიერი საგადასახადო შეღავათი წარმოშობს საგადასახადო რისკებს და გადასახადებისგან თავის არიდების საშიშროებას“ - სონღულაშვილი „ლელოს“ ინიციატივაზე

ახლა, სწრაფი ნაბიჯების და ეფექტური ქმედებების დროა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან პრემიერ-მინისტრის ინიციატივებსა და ამასთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ გამოხმაურებაზე განცხადებას აკეთებს. 

დავით სონღულაშვილის თქმით, მთავრობის მეთაურის ინიციატივას მნიშვნელოვან საკითხს უწოდებს და აცხადებს, რომ აუცილებელია თითოეული განხორციელებული ცვლილება მოსახლეობის საჭიროებებზე იყოს მორგებული

„პრემიერის ინიციატივა ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციაზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. აუცილებელია, რომ თითოეული განხორციელებული ცვლილება მოსახლეობის საჭიროებებზე იყოს მორგებული და პროცესებში, ყველა შესაბამისი მხარე, სექტორის ყველა წარმომადგენელი სათანადოდ იყოს ჩართული.

ამასთან, ვფიქრობ, ამ პროცესის აქტიურად დასაწყებად პირველ რიგში სიღრმისეული შესწავლა უნდა მოხდეს და განხილულ იქნეს ის სისტემური საკითხები, რომელიც სექტორულად არსებობს. შედეგად კი უნდა მივიღოთ ფარმაცევტულ ბაზარზე მეტი კონკურენციის შესაძლებლობა და მომხმარებლისთვის მედიკამენტებზე მეტ ხელმისაწვდომობა“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ამასთან, დავით სონღულაშვილმა აზარტული თამაშების აკრძალვასა და მედია სივრცეში რეკლამების შეზღუდვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. 

მისივე თქმით, სათამაშო ბიზნესის მკაცრი კონტროლი ნებისმიერი განვითარებული ეკონომიკის მახასიათებელია.

„მნიშვნელოვანი ინიციატივა გაჟღერდა პრემიერისგან, რომელიც უკავშირდება ონლაინ კაზინოების საქმიანობის რეგულაციების გამკაცრებას. სათამაშო ბიზნესის მკაცრი კონტროლი ნებისმიერი განვითარებული ეკონომიკის მახასიათებელია და ჩვენც ამ გზით უნდა წავიდეთ.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კაზინოების და ონლაინ ბეთინგის კომპანიების საქმიანობა უნდა შეჩერდეს. კანონმდებლობის გამკაცრების კუთხით ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ევროპული გამოცდილებით და ვიპოვოთ ოქროს შუალედი ბიზნესის ინტერესებსა და მოსახლეობის ინტერესებს შორის“, - განაცხადა სონღულაშვილმა.

რაც შეეხება პარტია „ლელოს“ ინიციატივას, რომლის თანახმადაც, ინიციატივა  3 წლის ვადით  გადასახადებისგან გათავისუფლებას გულისხმობს, უმრავლესობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკითხს კომპლექსური მიდგომა და განხილვა სჭირდება. 

„ნებისმიერი საგადასახადო შეღავათი წარმოშობს საგადასახადო რისკებს და გადასახადებისგან თავის არიდების საშიშროებას. ამიტომ, ვფიქრობ ამ საკითხს სჭირდება კომპლექსური მიდგომა და შესაბამისი განხილვა, ისე, რომ დაზარალებული მხარე ამ პროცესებს არ ჰყავდეს, არც სახელმწიფოს და არც კერძო სექტორის მხრიდან“, - დასძინა დავით სონღულაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციებთან დაკავშირებით შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს დეკემბერში წარედგინება. 

„დაპირებისამებრ, აქტიურად ვმუშაობთ, ჯანდაცვის მინისტრი მუშაობს ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციებზე. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, კანონპროექტი დეკემბერში იქნება წარდგენილი პარლამენტში. ასეთია ჩვენი სურვილი და ჩვენ რა თქმა უნდა, პარლამენტთან ერთად, ინტენსიურად ვიმუშავებთ ამ საკითზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერის განცხადებით, ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის შემოღება და ჯამურად სექტორის გადასახადებით დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით.

„25 წლამდე მოქალაქეებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ. ასევე, აღნიშნული შეზღუდვა შეეხება სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით.

„აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის დასაშვები მხოლოდ სპონსორების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.