მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელიას განცხადებით, თუ თბილისის მერი გახდება, ენმ-ის თავმჯდომარის პოსტს დატოვებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე

„შეუძლებელია, გამარჯვების შედეგ, ვიყო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და დედაქალაქის მერი. ეს არ შეიძლება. დიახაც, იყო ყველაზე მსხვილი პოლიტიკური პარტიის ლიდერი და დედაქალაქის მერი არ გამოვა, მე წამძლევს პარტიული ინტერესები. წარმოიდგინეთ, პირობითად, დღის პირველ ნახევარში უნდა ჩავატარო თათბირი პარტიაში და დღის მეორე ნახევარში - მერიაში. ეს არ არის სწორი და ეს არ არის ის, რაც თბილისს სჭირდება“, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ დედაქალაქის მთავრობა სხვადასხვა პარტიების წევრებით დაკომპლექტდეს და პირველად თბილისის ხელმძღვანელობის წარმომადგენლობა მრავალპარტიული იყოს.

„ჩემი მიზანია, უახლოეს დღეებში დედაქალაქის წინაშე წარვდგეთ კიდევ უფრო გაერთიანებული ოპოზიცია, დედაქალაქის მთავრობა, რომელშიც თავს დაინახავს მაქსიმალურად ყველა თბილისელი.

ვხედავ ძალიან დიდ შესაძლებლობას, რომ დედაქალაქის მერიაში წარმოდგენილი იყოს ყველა პარტია, განსხვავებული პოზიციების ადამიანები, ვინც პირველ რიგში იზრუნებენ მუნიციპალურ პრობლემებზე და არ დაკავდებიან პარტიული ინტერესების გატარებით“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს, თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია და დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ნიკა მელიას თავისივე მოთხოვნის საფუძველზე პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება (მესამედ) შეუწყვიტა.