პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე ირლანდიის პარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა
1655999137
დაკოპირებულია

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯო მაკჰიუს და კომიტეტის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის არსებულ თანამშრომლობაზე და ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოს შემდგომ ნაბიჯებზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე საუბარი გვქონდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, ძირითადად კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ მოცემულ პირობებზე. ჩვენ ვუთხარით, რომ იმედგაცრუებული ვართ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღეს, რადგან ველოდით კანდიდატის სტატუსს თუმცა, მზად ვართ, შევასრულოთ ის პირობები, რომელიც კონკრეტულად არის გაწერილი. ასევე, ხაზი გავუსვით იმასაც, რომ ზოგიერთი პირობა საკმაოდ ბუნდოვანია და შესაბამისად ამას სჭირდება დაზუსტება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მხარეებმა  რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრეს და განიხილეს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო ნაბიჯები, რომელიც რუსეთმა გადადგა ანექსიის მიმართულებით.

ირლანდიელმა სტუმრებმა ქართულ მხარეს მიაწოდეს  ინფორმაცია ჩრდილოეთ ირლანდიაში განვითარებული მოვლენების შესახებ, თუ რა პრობლემებს ქმნის ეს ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის ურთიერთობებში „ბრექსიტის“ პირობებში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  ირლანდიის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერას.

„მეგობრული შეხვედრა იყო. შეხვედრის ბოლოს, მათ ძალიან ნათლად და მკაფიოდ განაცხადეს, რომ ისინი საქართველოს ყოველთვის დაუჭერენ მხარს და შესაბამისად, კიდევ ერთი ძლიერი მხარდამჭერი გვეყოლება ჩვენ ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მარიამ ლაშხმა.