პოლიტიკა

ოპოზიცია: მოვუწოდებთ პრეზიდენტს, რურუამ, უგულავამ, თამლიანმა და ოქრუაშვილმა საპატიმროები დატოვონ

გაერთიანებული ოპოზიცია
1583762836
დაკოპირებულია

გაერთიანებული ოპოზიცია საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, საკვანძოა დაძაბულობის განსამუხტად.

"საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მეგობრების მონაწილეობით, შეთანხმება შედგა. დიდი მადლობა აშშ-ს, ევროკავშირის, გერმანიის ელჩებს და ევროსაბჭოს წარმომადგენელს, ასევე საქართველოს ყველა მეგობარს, რომელთაც ცდა არ დაუკლიათ ამ შეთანხმების მისაღწევად.

შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე ეს შეთანხმება საკვანძოა დაძაბულობის განსამუხტად და საქართველოსთვის იმ რისკების ასაცილებლად, რასაც უაღრესად დაძაბული გარემო და პოლიტპატიმრების არსებობა ქმნის. ბუნებრივია მოლაპარაკებების პროცესის საბოლოო ტესტი, ამ შეთანხმების შესრულება იქნება.

ქართული საზოგადოების დაკვეთა სრულად პროპორციული არჩევნების მიღწევა იყო. 20 ივნისსა და შედგომ პერიოდში აქტივისტთა ახალი თაობის ძალისხმევით, მთელი საზოგადოება გაერთიანდა, პროპორციული არჩევნების მისაღწევად.

ბუნებრივია ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ინტერესი სრულად პროპორციული არჩევნების მიღება იყო და ასეთად რჩება, მაგრამ გვესმის რომ ამ საკითხზე გონივრული კომპრომისის მოძებნა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის. ასეთი კომპრომისი მოიძებნა.

მნიშვნელოვანია რომ მიღწეული შეთანხმების დოკუმენტში აღნიშნულია არამარტო პროპორცია პარტიულ სიებსა და მაჟორიტარებს შორის (120/30ზე) და საარჩევნო ბარიერი, არამედ ახალი საარჩევნო ოლქების ჩამოყალიბების მყარი კრიტერიუმები და ვადები", - აღნიშნულია განცხადებაში.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ხელისუფლება და ოპოზიცია კვლავ ვერ თანხმდებიან იმ პირთა პოლიტიკურ სტატუსსზე, ვინც დაპატიმრებულები არიან 20 ივნისს და მის შემდგომ განვითარებული პოლიტიკური პროცესების გამო.

"ოპოზიცია მათ ბუნებრივია პოლიტპატიმრებად მიიჩნევს, ხელისუფლება ამას არ აღიარებს, თუმცა მხარეები შეჯერდნენ ერთობლივ დოკუმენტში იმაზე, რომ ამ საკითხების გადაწყვეტა იმგვარად, რომ არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ ჰქონდეს განცდა რომ მართლმსაჯულება პოლიტიკური მიზნებისთვისაა გამოყენებული, საკვანძოა ვითარების განმუხტვისთვის.

საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ამ შეთანხმების შესრულება, როგორი განსხვავებებიც არ უნდა იყოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის", - აცხადებენ ოპოზიციონერები.

ისინი პრეზიდენტს და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს მოუწოდებენ, მათ ხელთ არსებული ლეგიტიმური ინსტრუმენტები გამოიყენონ, რათა გიორგი რურუამ, გიგი უგულავამ, ბესიკ თამლიანმა და ირაკლი ოქრუაშვილმა დროულად დატოვონ საპატიმროები.

"პოლიტიკური პროცესის სანდოობისა და დადებული შეთანხმების შესრულების მიზნით, მნიშვნელოვანია რომ აღარ მოხდეს ამ ადამიანთა მიმართ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდგომი გადახედვა ან სხვა პოლიტიკური საქმეების მეშვეობით მათი საპატიმროებში დაბრუნება. ასევე მნიშვნელოვანია რომ სხვა პოლიტიკური ლიდერებისა და აქტივისტების მიმართ არ გადაიდგას ახალი რეპრესიული ნაბიჯები.

არჩევნები უნდა იყოს იდეებისა და შეხედულებების ჭიდილი იმის შესახებ თუ როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა. საქართველოს მოქალაქეები უნდა წყვეტდნენ თუ რომელ გზას დაუჭერენ მხარს.

ჩვენი ამოცანაა რომ მშვიდობიანი არჩევნების გზით შევცვალოთ ეს ხელისუფლება და გამოვიყვანოთ საქართველო ამ ჩიხიდან. არასდროს არ დავუშვათ ერთპიროვნული მმართველობა და დავამკვიდროთ მრავალპარტიული პარლამენტარიზმის ტრადიცია", - ნათქვამია განცხადებაში.